Belive

"ნიკა ამაშუკელმა აქამდე მოსასვლელად დიდი გზა განვლო" - დევიდ მაკჰიუმ ქართველ არბიტრებთან მუშაობის შესახებ ისაუბრა

1 წლის წინ რაგბი
5 წთ

ცნობილმა ირლანდიელმა არბიტრმა დევიდ მაკჰიუმ ქართველ კოლეგებთან მუშაობის შესახებ ისაუბრა.

კადრების ნაკლებობისა და ცვლილებების შესახებ

"არბიტრების ნაკლებობა ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, სხვათაშორის არა მარტო საქართველოში. დიდი 10-ის ერთ ტურში 5 მატჩი იმართება, რაც ნიშნავს, რომ ჩემპიონატს მინიმუმ 5 კვალიფიციური დონის არბიტრი სჭირდება. 2020/2021 წლების სეზონის ბოლოს მხოლოდ ექვსი მსაჯი გვყავდა: ნიკა ამაშუკელი, შოთა თევზაძე, საბა აბულაშვილი, თორნიკე გვირჯიშვილი, სულხან ჩიხლაძე და ირაკლი ჭანუკვაძე. თორნიკე და ირაკლი დაშავდნენ. ამას ემატება საერთაშორისო მატჩებში ქართველი მსაჯების მიწვევაც. ვინ განსჯის შიდა ჩემპიონატს?

აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ შეგვექმნა სპეციალური ჯგუფი, რომელიც საქართველოში მსაჯობის სისტემის განვითარებაზე ყოველდღიურად იმუშავებდა. რამდენიმე მსაჯი გადავამზადეთ, რომლებიც უკვე დაწინაურდნენ უმაღლეს ლიგაში. ჩვენ ყოველწლიურად ვცდილობთ ჩმპიონატს ახალი სისხლი შევმატოთ."

არბიტრების მომზადების შესახებ

„თითოეული მსაჯი ვარჯიშობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. მაგალითად, ნიკა ამაშუკელი მუდმივად ესწრება მსოფლიო რაგბის სემინარებს. ის საფრანგეთში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე სამუშაოდ კანდიდატთა სიაში მოხვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მუდმივად პროგრესირებს. რა თქმა უნდა, კანდიდატი არ ნიშნავს, რომ ტურნირზე აუცილებლად იმსაჯებს. მაგრამ, როგორც ამბობენ, ლატარეას ბილეთის ყიდვის გარეშე ვერ მოიგებ.

რა არის მსაჯების მომზადება? პირველ ყოვლისა, ეს არის ფიზიკური მომზადება. დონეების მიხედვით ის განსხვავდება. მაგალითად, ნიკა ამაშუკელი საერთაშორისო პროგრამაში არის ჩართული. „დიდი-10“-ში ყოველი მატჩის შემდეგ მსაჯების ვიდეოებს ვუყურებთ და ვაანალიზებთ. აღსანიშნავია, რომ თუ მსაჯი შეცდომას უშვებს, ამაზე ღიად ვსაუბრობთ. შეცდომებს ყველა უშვებს - ეს ნორმალურია. ჩვენი ამოცანაა მათი რაოდენობა მინიმუმამდე დავიყვანოთ. ვცდილობ, მსაჯებთან რაც შეიძლება ხშირად ვისაუბრო. მაგალითად, ამაშუკელთან თითქმის ყოველდღიურად ვმუშაობ“.

ქართველი არბიტრების წარმატებაზე

"აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ქართველი აბიტრები 15 კაცა რაგბთან ერთად 7 კაცა რაგბშიც ვითარდებიან. მშვენიერი მაგალითია შოთა თევზაძე, რომელმაც სულხან ჩიხლაძესთან და იოსებ ჯაფარიძესთან ერთად ევროპის სუპერთასის გადამწყვეტ მატჩებში იმუშავა. აბულაშვილმა ტროფეის დივიზიონის ევროპულ დონემდე უკვე მიაღწია. ბუნებრივია ნიკა ამაშუკელი წინა პლანზეა წამოწეული და თამასასაც სწორედ ის აწესებს. ნიკა უკვე გახდა ექვსი ერის თასის და სატესტო მატჩების რეგულარული მსაჯი, რაც დიდი პატივია."

ქართველი არბიტრების ევროპულ დონეზე გასასვლელად აუცილებელი თვისებები

"ქართული რეალობა ასეთია, დიდი-10-ის დონის მიღწევის შემდეგ, შეგიძლია ტროფეის დივიზიონზეც იფიქრო. შემდეგი ევროპის თასია, ექვსი ერის 20-წლამდელთა თასი და ბოლოს ჩელენჯ თასი. მხოლოდ ამ ეტაპების გავლის შემდეგ, შეუძლიათ ქართველ მსაჯებს რაგბის პირველი ეშელონის მატჩებზე მუშაობა. ნიკა ამაშუკელმა აქამდე მოსასვლელად დიდი გზა განვლო.

რაც შეეხება თვისებებს და უნარებს, პირველ ყოვლისა, ეს არის ინგლისური ენის ცოდნა. ჩემს შეგირდებს მუდამ ვეუბნები: "შემიძლია გასწავლო, როგორ იყო კარგი მსაჯი, მაგრამ თუ ინგლისურად არ ლაპარაკობ, შანსი არ გაქვს." დიახ, 21-ე საუკუნეა და ეს საერთაშორისო მსაჯის საქმის ნაწილია. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ეს უსამართლობაა, მაგრამ რეალობ ასეთია.

კარგი მსაჯობის გასაღები გადაწყვეტილების მისაღებად მოედანზე კარგი პოზიციონირებაა. მართალია, მოედანზე გყავთ ასისტენტები და ზოგჯერ ვიდეო ასისტენტიც, მაგრამ პასუხისმგებლობა ყოველთვის თქვენზეა, რადგან საბოლოო გადაწყვეტილება ყოველთვის შენზეა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია ზეწოლის ქვეშ მუშაობა. ამიტომ ყველაფრისთვის მზად უნდა იყოთ და მიაღწევთ ნიკა ამაშუკელის დონეს.“

დევიდ მაკჰიუ ყოფილი ირლანდიელი მსაჯია, რომელიც 1995, 1999 და 2003 წლების მსოფლიო ჩემპიონატებზე, ჩემპიონთა თასის ფინალებზე, ექვსი ერის თასზე და სამი ერის თასზე მსაჯობდა. 2002 წელს, სამხრეთ აფრიკისა და ახალი ზელანდიის მატჩის დროს, სამხრეთ აფრიკელი ფანი მოედანზე შეიჭრა მაკჰიუს თავს დაესხა და ცივი იარაღით დაჭრა. 2004 წელს დევიდი მსაჯის თანამდებობიდან გადადგა და მუშაობა IRFU-ში დაიწყო. ბოლო ოთხი წელია, ირლანდიელი სპეციალისტი საქართველოში სამსაჯო სისტემის გაუმჯებესებისთვის მუშაობს.

სხვა სტატიები