Belive

ნიკა ამაშუკელი 2022 წლის ოთხი ერის ორ თამაშს განსჯის

1 წლის წინ რაგბი
2 წთ
სამხრეთ ნახევარსფეროს უმთავრეს ტურნირზე ნიკა ამაშუკელის დებიუტი 27 აგვისტოს, ახალი ზელანდიისა და არგენტინის მატჩზე შედგება. ამ შეხვედრაში ნიკა მთავარი მსაჯი იქნება. ამ მატჩის შემდეგ, ამაშუკელი ზელანდიაში დარჩება და 3 სექტემბერს "ოლ ბლექსისა" და "პუმების" მეორე მატჩში, ჰემილტონში, უკვე გვერდით მსაჯად იმუშავებს. ზაფხულის სერიებზე, 2 და 16 ივლისს ნიკამ სამხრეთ აფრიკისა და უელსის ორი თამაში იმსაჯა – პირველი მთავარი და მეორე გვერდითი მსაჯის რანგში.
„ეს ჩემს ცხოვრებაში დაუვიწყარი 3 კვირა იყო. რაგბის მხრივ სამხრეთ აფრიკა მართლაც განსაკუთრებული ქვეყანაა. ორი სარაგბო ერის – სამხრეთ აფრიკისა და უელსის დაპირისპირება ყოველთვის გამორჩეული იყო, არის და იქნება. ორივე ქვეყანას რაგბის მიმართ დიდი ვნება აქვს, გულშემატკივრები რაგბით ცხოვრობენ. ჩემთვის დიდი პატივია ამ ყველაფრის ნაწილად ყოფნა“. რაც შეეხება სერიებს, მძიმე თამაშები გამოდგა. კოვიდ-პანდემიის შემდეგ სამხრეთ აფრიკაში მოედანი პირველად იყო გადაჭედილი. ტრიბუნებზე 53 ათასი მაყურებელი იჯდა და ხმაურიანი, ემოციური საღამო გამოვიდა. წინდაწინ ვიცოდი, რომ მოთამაშეებს მოედანზე ბევრი რამის გარკვევა მოუნდებოდათ და დაძაბულობაც ბოლო წუთამდე შენარჩუნდა“ – იხსენებს ამაშუკელი.
ეს ქართველი მსაჯის დებიუტი იქნება ოთხ ერზე და გარდა ამისა, ის გახდება მეორე დონის სარაგბო ქვეყნის პირველი წარმომადგენელი, რომელიც ამ ტურნირზე იმსაჯებს.
"მოუთმენლად ველი ახალ ზელანდიაში ჩასვლას და თამაშის დაწყებას. იქ ნამდვილი სარაგბო ატმოსფერო და ახალი გამოცდილება მელოდება. ზელანდიას დამატებითი წარდგენა არ სჭირდება. ძლიერი მოთამაშეებით დაკომპლექტებული გუნდია არგენტინაც. ვეცდები დავამტკიცო, რომ ქართველებსაც კარგად გვესმის ეს თამაში და შეგვიძლია გავუძღვეთ მაღალი დონის შეხვედრებს. ვეცდები სამხრეთ აფრიკაში მიღებული გამოცდილება სრულად გადავიტანო მოედანზე და თუ აქაც მომიწევს რთული გადაწყვეტილებების მიღება, აუცილებლად ვიმოქმედებ მსოფლიო რაგბის დირექტივების მიხედვით“.

სხვა სტატიები