Belive

მერაბ შარიქაძე: ,,გულდასაწყვეტია, რომ სკამები ამ პატარა სტადიონზეც ვერ გაივსო''

1 წლის წინ რაგბი
2 წთ

რუმინეთთან რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა და კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ შეაფასეს:

,,ლევან მაისაშვილი - ,,შარშანდელი თამაში რუმინეთთან ჩვენთვის მოულოდნელობა იყო, რამდენიმე კომპონენტში დაგვჩაგრეს (რაქი, მოლი, შერკინება) და ისე გამოვიდა, რომ მეტოქე ვერ დავაფასეთ. რუმინეთი არის ძალისმიერი ნაკრები და დღეს ამ ყველაფერზე პასუხი გავეცით, დღეს ვდომინირებდით ამ ყველა კომპონენტში და მივყევით ჩვენს დასახულ გეგმას. ამაყი ვარ ჩემი ბიჭებით და ჩვენი ეს შრომა დაფასდა.

კვესელაძეს, სავარაუდოდ, რთული ტრავმა აქვს, უკანა ბარძაყის კუნთი აქვს დაზიანებული, დეტალები 2 დღეში გვეცოდინება.

ბექა გორგაძესთან კონტაქტი გვაქვს და ამ კვირაში შემოგვიერთდება.

პორტუგალია ჩვენ მერე საუკეთესო გუნდია, მათ ეს ყველაფერი დაამტკიცეს. ბოლო მატჩში მათთან ფრე ვითამაშეთ, ამიტომ პასუხი გვაქვს დასაბრუნებელი. ბოლო 2 შეხვედრა ისე, როგორც ჩვენ გვინდოდა, ვერ დავასრულეთ და ვერ მოვიგეთ, ახლა, იმედია, პასუხს გავცემთ.

მერაბ შარიქაძე - ,,მატჩის საუკეთესოობა და ლელო არ ნიშნავს ჩემთვის არაფერს. რაგბი გუნდური თამაშია და ყველას რომ არ ეთამაშა მაგრად, მეც ვერ გავხდებოდი საუკეთესო. რაგბი გუნდური სპორტია და მე კი არ ვარ მაგარი, მაგარია ჩვენი ნაკრები.

ძალიან მოტივირებულები ვიყავით, რომ თასი აქ დარჩენილიყო, თან ნახევარფინალი იყო და წინ დიდი და მნიშვნელოვანი ფინალი გვაქვს.

ამ ახალ ფორმატზე რაგბი ევროპას უნდა, რომ სადმე ფეხი დაგვიცდეს, მაგრამ ჩვენ ფეხი არ დაგვიცდება.

გულდასაწყვეტია, რომ ამ პატარა სტადიონზეც ვერ გაივსო სკამები. ჰიმნამდე გავიხედე და 60% იყო შევსებული. არაა სასიამოვნო სანახავი, მით უმეტეს, როცა თამაში პატარა სტადიონზეა. ვიმღეროთ, მოვიდეთ სტადიონზე ადრე და ერთად ფრო უკეთესები ვიქნებით .''

რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა რუმინეთს უმასპინძლა და 31:7 დაამარცხა.

ფინალურ შეხვედრაში, რომელიც 19 მარტს, ესპანეთში გაიმართება, ,,ბორჯღალოსნების'' მეტოქე პორტუგალია იქნება.

სხვა სტატიები