Belive

Live.ge-ს იაპონური დღიურები - დღე I

4 წლის წინ რაგბი
3 წთ
იაპონიაში მსოფლიო ჩემპიონატი ნელ-ნელა ხურდება და თუ ასე გაგრძელდა სავარაუდოდ ტურნირის ისტორიაში ყველაზე საინტერესოც გამოდგება. იაპონია განსაკუთრებული ქვეყანაა თავისი ტრადიციებით, კულტურით, საქმისადმი მიდგომით თუ უცნაურობებით. Live.ge-ს ჟურნალისტები ამ ტრადიციულ ქვეყანას საქართველო - ურუგვაისა და საქართველო - ფიჯის მატჩებზე დასასწრებად ვეწვიეთ. თბილისიდან ტოკიომდე მგზავრობა დიდ დროსა და გამძლეობას უკავშირდება და უკეთეს შემთხვევაში 17 საათში თბილისური ორომტრიალიდან გრანდიოზულ ტოკიოში ამოყოფთ თავს. პირველი შთაბეჭდილებები უცნაურია, შაბათი საღამო, თუმცა ცარიელი ქუჩები, საოცარი წესრიგი და სიძვირე, რომელსაც ალბათ ანალოგი არ აქვს.  
ნარიტას აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე საღამოს მისვლა პრობლემატური არაა, თუმცა ამისათთვის 15-20 დოლარი უნდა გქონდეთ გადადებული და ზესწრაფი მატარებელიც უმალ გამოგაგელვებთ ცენტრისაკენ. ვისაც ევროპაში ხშირად უმოგზაურია და შემდეგ უცებ ტოკიოში ამოყოფს თავს, ისეთი შეგრძნება ექნება თითქოს მარსზეა, რადგან აქ სხვანაირი აურაა, ტიტანებივით აღმართული ცათამბჯენების ფონზე გამეფებული საოცარი სიჩუმე, ქუჩები არც თუ ისე განათებული, მაგრამ გრანდიოზული მოციმციმე ბილბორდებით სავსე. ინგლისურს მოსახლეობის დიდი ნაწილი ცუდად ფლობს, მაგრამ ნავიგაციის უნარის მქონენი ამ უზარმაზარ ქალაქში ნამდვილად არ დაიკარგებიან. ჩამოსვლისთანავე სენსაციური ამბავი დაგვხვდა, "საკურებმა" "სამყურები" დასცეს, და როგორც 2015 წელს ამ მსოფლიოზეც ყველაზე დიდი სენსაციის ავტორად მოგვევლინნენ. აეროპორტიდანვე იგრძნობა, რომ ქვეყანა რაგბის უპირველეს ტურნირს მასპინძლობს, თუმცა ნაკრების გამარჯვების განსაკუთრებულ აღნიშვნას არსად გადავწყდომივართ. ქალაქში მრავლად არა, თუმცა მაინც შეხვდებით ირლანდიელ, შოტლანდიელ და ინგლისელ გულშემატკივრებს, რომლებიც შეზარხოშებულნი დასეირნობენ ტოკიოს ქუჩებში. მსოფლიო თასს სხვადასხვა ქალაქები მასპინძლობენ, მაგრამ დედაქალაქი ერთგვარი გამტარია, სადაც ყველა ერთად იკრიბება და შემდეგ იქით მიეშურება სადაც გული გაუწევს და მისი სამშობლოს ჰიმნი აჟღერდება.
ასე იქნება ხვალაც, როდესაც ტოკიოდან 70 კილომეტრით მოშორებულ კუმაგაიაში ადრიანად გავეშურებით, ხვალ ჩვენი ჰიმნი აქ აჟღერდება და ჩვენი გულიც განსაკუთრებულად აქ აძგერდება, თბილისის დროით 09:15 საათზე, ხოლო აქაური დროით 14:15 საათზე საქართველო ურუგვაის დაუხვდება და მიმდინარე მსოფლიო თასზე პირველი, უმნიშვნელოვანესი გამარჯვების მოპოვებას შეეცდება. მე კი იმედი მაქვს რომ დღევანდელი დაღლილობა ხვალ ამ დროს სიხარულით შეიცვლება და "ბორჯღალოსნები" კიდევ ერთხელ დაანახებენ მსოფლიოს რომ რაგბი ჩვენი თამაშია.

დიტო დოლიძე, სპეციალურად Live.ge-სთვის ტოკიოდან

სხვა სტატიები