Belive

ლევან მაისაშვილი | სიცოცხლისა და სიკვდილის ზღვარზე გავიარე

2 წლის წინ რაგბი
4 წთ

გავლენიანი ბრიტანული გამოცემა The Telegraph საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელთან ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს. გამოცემასთან საუბარში ლევან მაისაშვილი აღნიშნავს, რომ გადარჩენის მხოლოდ 2%-იანი შანსი ჰქონდა და სიცოცხლისა და სიკვდილის ზღვარზე გაიარა. კორონავირუსის გართულების შედეგად, ლევან მაისაშვილი სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთ საავადმყოფოში - შეიძლება ითქვას, რომ უმძიმეს პირობებში მკურნალობდა. გამოჯანმრთელების შემდეგ, "ბორჯღალოსანთა" მთავარი მწვრთნელი გამოჯანმრთელდა და ნაკრებთან ერთად ახალი გამოწვევების მისაღებად მზადაა. იმ პერიოდში, როდესაც სამხრეთ აფრიკელი ექიმები მაისაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად იბრძოდნენ, თბილისში მყოფი ოჯახის წევრები დამაიმედებელ ინფორმაციას ვერ იღებდნენ. მაისაშვილის ოჯახს აცნობეს, რომ მისი გადარჩენის შანსები ყოველდღიურად მცირდებოდა. მაისაშვილი აღნიშნავს, რომ "სიცოცხლისა და სიკვდილის ზღვარზე გავლა მოუწია". 2 ივლისს, "სპრინგბოქსთან" მარცხის შემდეგ (40:9) ლევან მაისაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი დაუყოვნებლივ იოჰანესბურგში, "ნეთქეარ მილპარკ ჰოსპიტალში" გადაიყვანეს, სადაც ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოათავსეს. უცნობია, თუ როგორ დაინფიცირდა ლევან მაისაშვილი. სიმპტომების გახსენება მთავარ მწვრთნელს უჭირს. დღემდე მაისაშვილი აქტიურად მკურნალობს და ზოგჯერ სუნთქვაც კი უჭირს, თუმცა იუმორს კვლავ ინარჩუნებს და პოზიტიურ განწყობაზეა.

"ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვიყავი, მაგრამ არაფერი მახსოვს, რადგან მეძინა. მოგვიანებით ექიმებმა მითხრეს, რომ ფულტვები სრულად პარალიზებული და ვირუსის ბაქტერიებით სავსე მქონდა. მთელი ჩემი სხეული უდიდეს წნეხში იმყოფებოდა, თუმცა არაფერი მახსოვს. გაცილებით უფრო რთული იყო, როდესაც გავიღვიძე". "ტრაქეოსტომია მქონდა. ცხვირში რაღაც მეკეთა და ეს ჩემთვის ჯოჯოხეთივით საშინელება იყო. როდესაც პირველად ავდექი, წინ და უკან მხოლოდ 1 ნაბიჯის გადადგმა შევძელი. ამ პროცედურის შემდეგ, ჩემს სავარძელში ნახევარი საათით დასვენება დამჭირდა". "85 კილოგრამს ვიწონიდი, მაგრამ როდესაც გავიღვიძე დაახლოებით 60-62 კილომდე მქონდა დაკლებული. საკუთარ ფეხებს ვერ ვცნობდი - მხოლოდ ძვალი და ტყავი ვიყავი დარჩენილი. ჩემმა ექიმებმა ამიხსნეს, რომ წონაში ვირუსის გამო დავიკელი. სიარული თითქმის შეუძლებელი იყო და დგომაც კი დიდ ენერგიას მოითხოვდა". 
ლევან მაისაშვილის მეუღლესა და შვილებს აცნობეს, რომ მისი გამოჯანმრთელების შანსები საკმაოდ მცირე იყო. მაისაშვილი იხსენებს, ხანგრძლივი სარეაბილიტაციო პროცესის გავლის დროს, ერთ-ერთმა პაციენტმა იგი იცნო და უთხრა, რომ სამხრეთ აფრიკაში მისი ისტორია ყველამ იცოდა და ყველა მხარს მიჭერდა. მოგვიანებით ლევან მაისაშვილს შინ დაბრუნების შესაძლებლობა მიეცა. გასული თვის დასაწყისში, თბილისში ჩასულმა ლევან მაისაშვილმა უამრავი გამამხნევებელი შეტყობინება მიიღო. ოჯახის წევრებმა, საქართველოს რაგბის კავშირის წარმომადგენლებმა და მეგობრებმა ლევან მაისაშვილს გულთბილი დახვედრა მოუწყვეს.
"ჩემი ქვეყანა ძალიან მიყვარს და საქართველოში ყოველი დაბრუნება, თუნდაც 1 კვირით ვყოფილიყავი წასული ჩემში უდიდეს ემოციებს აღძრავს. გასაგებ მიზეზთა გამო, ეს დაბრუნება კიდევ უფრო განსაკუთრებული იყო. ოჯახის წევრები, მეგობრები, თანაგუნდელები, მორაგბეები, ყველანი დამხვდნენ. ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან ემოციური აღმოჩნდა. სიცოცხლისა და სიკვდილის ზღვარზე გავიარე - ჩემი გადარჩენის შანსი მხოლოდ 2%-ს შეადგენდა, საბედნიეროდ, ცოცხალი ვარ და ახლა, ყველაფერი კიდევ უფრო მეტად და უკეთ უნდა გავაკეთო. ჩემი მოვალეობები გაზრდილია. დასახული მიზნის მიღწევა ყველას შეუძლია, მთავარია რომ გამარჯვების ირწმუნოს. ეს ოცნება არაა, ესა მიზანი, რომლისკენაც უნდა ვისწრაფვოდეთ”, - აღნიშნავს ლევან მაისაშვილი.

სხვა სტატიები