Belive

ლევან მაისაშვილი: „ეს დიდი დაფასებაა და ღირსეულად უნდა წარვდგეთ“

4 თვის წინ რაგბი
1 წთ

9 დეკემბერს, 17:00 საათზე, "შავი ლომი" ჩელენჯ ქაფზე სადებიუტო მატჩს გამართავს, რომელშიც "გლოსტერს" დაუპირისპირდება.

პრინციპული მატჩის წინ, საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე, ლევან მაისაშვილის კომენტარი განთავსდა.

მეტოქის თამაშის ანალიზი უკვე გავაკეთეთ და შესაბამისად, ვემზადებით. ამ დონის გუნდთან ‘შავ ლომს’ ჯერ არ უთამაშია. მოწინააღმდეგე პრემიერშიფის წარმომადგენელია, მისი და სუპერ თასზე მონაწილე გუნდებს შორის, განსხვავება ცა და დედამიწაა. აქ შეცდომა უფრო ძვირად ფასობს და დიდი მნიშვნელობა ექნება დისციპლინას, ბალანსს, შეტევასა და დაცვას.

ჩელენჯ თასში ჩართვა ქართული რაგბის დიდი დაფასებაა და მნიშვნელოვანია ღირსეულად წარვდგეთ. ამ ბიჭებისთვის ესაა შესაძლებლობა აჩვენონ საკუთარი შესაძლებლობები და ითამაშონ სანაკრებო ვარსკვლავების წინააღმდეგ. თუ ვინმესთვის რაგბი მნიშვნელოვანია, ის 9 დეკემბერს აუცილებლად უნდა მოვიდეს „მიხეილ მესხზე“ და უქომაგოს ‘შავ ლომს’. ‘შავი ლომი’ პროფესიულ კლუბად ყალიბდება, სულ სხვა ეტაპზე გადადის, სხვა ხარისხის თამაშები ელოდება და ეს არის გზა შემდგომი განვითარებისთვის.

იმისათვის, რომ ხარისხიანი ვარჯიშები გვქონდეს, პერიოდულად ვიმატებთ მოთამაშეებს 20-წლამდელთა ნაკრებიდან. ეს მათთვისაც საინტერესო გამოცდილებაა და ჩვენთვისაც კარგია. დიდი 10-ის ყველა თამაშს ვაკვირდებით და საჭიროების შემთხვევაში, გამორჩეული მოთამაშეები გაფართოებულ შემადგენლობაში შემოგვყავს. ეს არ ნიშნავს რომ აუცილებლად ყველას მოუწევს თამაში, მაგრამ ‘შავი ლომის’ გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვედრა უკვე დიდი აღიარებაა.

ამ ოთხიდან რომელიმე თამაშის მოგება ურთულესი ამოცანა იქნება, თუმცა ვეცდებით მაქსიმალურად ხარისხიანი რაგბი ვითამაშოთ და უძლიერეს მეტოქეებთან ძალები მოვსინჯოთ. აქ გამოჩნდება რამდენად ვართ მზად, თუმცა დარწმუნებული ვარ, ჩელენჯ თასზე სტაბილურად მონაწილეობის შემთხვევაში, სამომავლოდ ჯგუფიდან გასვლაც რეალისტური იქნება. ამ ეტაპზე ეს ძალიან რთული იქნება. ვეცდებით ჩვენი მაქსიმუმი გამოვავლინოთ და ვნახოთ რას ეყოფა ეს მაქსიმუმი.

- ლევან მაისაშვილი.

სხვა სტატიები