Belive

ლეგიონერები | ტური ტოპ 14-ში და გადადებული მატჩები პრო დე2-ში

3 წლის წინ რაგბი
2 წთ
სანაკრებო მატჩების პარალელურად, ტოპ 14-ში მორიგი ტურის მატჩები გაიმართება, პრო დე2-ში კი გადადებული მატჩების გასამართად მოიცალეს. საფრანგეთის პირველ ელიტარულ დივიზიონში ექვსმა, ხოლო მეორე დივიზიონში შვიდმა ქართველმა ლეგიონერმა ითამაშა. ტოპ 14-ის მე-9 ტურში "აჟენმა" "ტულონს" უმასპინძლა 9:38 დამარცხდა. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 62-ე წუთამდე ითამაშა გიორგი თეთრაშვილმა. სტუმართა შორის მიმდინარე სეზონში მეორე შეხვედრა ჩაატარა ლუკა ჭელიძემ. ამჯერად მას უფრო მეტი სათამაშო დრო მისცეს – შეცვლაზე 62-ე წუთზე შევიდა. ტულონელებმა ხუთი უპასუხო ლელო გაიტანეს და ბონუსიც აიღეს. "ბაიონმა" "მონპელიე" მიიღო და მიუხედავად იმისა, რომ მოედნაზე სამჯერ დარჩა კაცნაკლული, 29:20 გაიმარჯვა. კოტე მიქაუტაძე მასპინძელთა შორის 56-ე წუთზე გამოჩნდა და თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ 19 წუთი ითამაშა, მერე კი ყვითელი ბარათი მიიღო. ოთხმა ქართველმა ითამაშა "ბრივისა" და "რასინგ 92"-ის შეხვედრაში. მასპინძლებმა ტაიმი 16:3 მოიგეს, მაგრამ შესვენების შემდეგ უპირატესობას პარიზელები დაეუფლნენ და გაწითლებულ დროზე გატანილი ლელო-გარდასახვით 23:19 მოიგეს. "ბრივის" სასტარტო შემადგენლობაში იყო სოსო ბეკოშვილი, რომელიც 50-ე წუთზე ლუკა ჯაფარიძემ შეცვალა. 50-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე ბადრი ალხაზაშვილიც. სტუმართა რიგებში 53-ე წუთიდან ითამაშა გია ხარაიშვილმა. პრო დე2-ის მე-6 ტურის გადადებულ მატჩში "პროვანსი" "მონტობანს" ეწვია და 15:30 დამარცხდა. სტუმართა რიგებში 22-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში ზაზა ნავროზაშვილი. მეორე ტურის გადადებულ მატჩში, ასევე სტუმრად "კოლომიესთან" 26:12 დამარცხდა "რუანი", რომლის შემადგენლობაში 47-ე წუთიდან ითამაშა კარლენ ასიეშვილმა. მერვე ტურის გადადებულ შეხვედრაში საკუთარ მოედანზე ‘ბიარიცთან’ 10:23 დამარცხდა ‘ორიაკი’. მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო გიორგი ქართველიშვილი და ის 62-ე წუთზე ჯემალ შათირიშვილმა შეცვალა. ‘ბიარიცის’ ძირითადში იყო გიორგი ნუცუბიძე, რომელიც ასევე 62-ე წუთზე ლუკა აზარიაშვილმა შეცვალა. ‘პერპინიანის’ სასტარტო შემადგენლობაში იყო და 58 წუთი ითამაშა დუდუ ქუბრიაშვილმა. მისმა გუნდმა ‘ბეზიე’ მიიღო და 10:16 დამარცხდა. წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი
ფოტო: avironbayonnaisrugby

სხვა სტატიები