ლეგიონერები | ქართული ლელოები ორიაკისთვის
4 წლის წინ
რაგბი
3 წთ
შეუცვლელად გაისარჯა მესამეხაზელი ბექა საღინაძე, რომელიც სეზონის დასრულების შემდეგ "ორიაკს" დატოვებს და კარიერას ტოპ 14-ის ‘ლიონში’ გააგრძელებს, რომელთანაც 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. მან 75-ე წუთზე ლელოდან 5 მეტრში მიიღო ბურთი, ხაზი გაჭრა და ლელოთი საბოლოო შედეგი დააფიქსირა. ძირითადში იყო მეორეხაზელი გიორგი ჯავახია. მე-8 წუთზე ის ყვითელი ბარათით დაისაჯა, პირველი ტაიმის მიწურულს საღინაძეს 5-მეტრიანში მიყვა, ბურთი გამოართვა და ლელო ძელებსშუა დაამიწა, 68-ეზე კი შეცვალეს. პირველიდან 63-ე წუთამდე ითამაშა გიორგი ქართველიშვილმა. თამაშში 55-ე წუთიდან ჩაერთო გიორგი ცუცქირიძე, ხოლო ლუკა ნიორაძე შეცვლაზე 78-ე წუთზე შევიდა. "კოლომიემ" "მონტობანი" მიიღო და 41:31 დაამარცხა. მასპინძელთა შორის პირველიდან 51-ე წუთამდე ითამაშა ბექა შეყლაშვილმა. სტუმრად "ვანთან" 18:22 დამარცხდა და ბონუს-ქულას დასჯერდა "რუანი", რომლის შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა შუამარბმა თამაზ მჭედლიძემ. "გრენობლმა" "ვალანსს" სტუმრად 30:23 მოუგო. მასპინძელთა ძირითადში იყო და 48 წუთი ითამაშა მირიან ბურდულმა. სტუმართა ძირითადში იყო ნიკა ნეფარიძე, რომელიც 57-ე წუთზე შეცვალეს, თუმცა 65-ეზე მოედანზე დაბრუნდა და კიდევ 6 წუთი ითამაშა. შეცვლაზე 52-ე წუთიდან ითამაშა ილია კაიკაციშვილმა. ფოტო: SArugbyofficiel წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი