Belive

"კარგი გამოწვევაა და მას მომზადებული ვხვდებით" - უმცროსი ბორჯღალოსნების დაცვის მწვრთნელი

10 თვის წინ რაგბი
4 წთ

4 ივლისს, თბილისის დროით 13:00 საათზე, უმცროსი ბორჯღალოსნები იტალიელ თანატოლებს დაუპირისპირდებიან. C-ჯგუფის პრინციპულ შეხვედრამდე, საქართველოს ნაკრების ბანაკში ამაღლებული საბრძოლო განწყობაა.

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა აღდგენის პროცესი წარმატებით გაიარეს და მატჩამდე კაპიტნის ვარჯიშიც გამართეს.

ალოგიკურია, რომ საქართველო, რომელსაც გ ჯგუფში გატანილ-გაშვებული ქულების საუკეთესო მაჩვენებელი აქვს, ჯერჯერობით მე-4 ადგილზეა. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ორი ტურის ჯამში 12 გუნდს შორის მიიღეს ყველაზე ცოტა – 3 ლელო. უმცროსი ბორჯღალოსნების დაცვის მწვრთნელი ზურაბ ამონაშვილი ამბობს:

"ვფიქრობ, განვლილ ორ შეხვედრაში დაცვაში მაქსიმალურად მობილიზებულად გავისარჯეთ. სამხრეთ აფრიკასთან 3-იდან ორი ლელო კონტრშეტევაზე მივიღეთ, არგენტინასთან კი ქულაც არ გაგვიშვია. ანთებულ გულებთან ერთად, ჩვენი ბიჭები ნებისმიერ სათამაშო სიტუაციაში ახერხებენ საღი გონების შენარჩუნებას, ახდენენ ანალიზს, შეფასებას, რასაც მოყვება სწორი მოქმედებები. ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის, თუმცა წინ კიდევ სამი თამაშია და საბოლოო შეფასება ტურნირის ბოლოს გვექნება".

"ორ თამაშში ყველაზე ცოტა ლელოს გაშვება იმას არ ნიშნავს, რომ დაცვაში შეცდომები არ დაგვიშვია. სწორი ანალიზია საჭირო, რათა შეცდომების ალბათობა მინიმუმამდე დავიყვანოთ. თორნიკე ბუბუტეიშვილის დამსახურებაა მოლში თავს კარგად რომ ვიცავთ და მეტოქე იძულებული ხდება ბურთი ხაზზე გაიტანოს, სადაც ასევე კარგად ვიცავთ თავს. არგენტინამ ინდივიდუალური შეცდომების ხარჯზე სულ ორჯერ მოახერხა ხაზის გაჭრა. ეპიზოდები უკვე განვიხილეთ და ვეცდებით მომდევნო თამაშებში მსგავსი შეცდომები აღარ გავიმეოროთ".

"იტალიამ ორი განსხვავებული თამაში ჩაატარა. სამხრეთ აფრიკასთან მატჩის დროს კარგად მოახდინა ადაპტაცია ამინდთან, თამაში შეკრა და მოლში დიდი უპირატესობა მოიპოვა. არგენტინასთან დებიუტშივე 14 კაცით დარჩა და საბლოო შედეგზე ამან იქონია გავლენა. ველოდებით, რომ ეს გუნდი ჩვენს წინააღმდეგ მოლით, შერკინებითა და ხაზით დაბალანსებულ თამაშს ეცდება. ჩვენთვის ეს კარგი გამოწვევაა და ვფიქრობ, მას მომზადებული ვხვდებით".

2023 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი
4 ივლისი. სამშაბათი. 13:00 (საქ. დრო)
სტელენბოში. „დენი ქრეივენ სთედიუმი“
იტალია – საქართველო
საქართველო

ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე (ლელო), 14. ლუკა ხორბალაძე (ლელო), 13. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 12. გიორგი შველიძე (ბრივი), 11. შალვა აფციაური (ლელო), 10. პეტრე ხუციშვილი (ლელო), 9. დავით ხუროშვილი (ლელო);

შერკინება: 1. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 2. ბასა ხონელიძე (ორიაკი), 3. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 4. გურამ ღანიაშვილი (გრენობლი), 5. გიორგი ნიკოლაძე (აია), 6. რატი ზაზაძე (ნევერი), 7. ლაშა ციხისთავი (ბეიონი, კაპ.), 8. ნიკა ლომიძე (ხარები);

მარქაფა: 16. თამაზ ჭამიაშვილი (ხარები), 17. ლაშა ფხაკაძე (ნევერი), 18. ბადრი ციხისთავი (ბეიონი), 19. გიორგი გერგედავა (კლერმონი), 20. თორნიკე ღანიაშვილი (ლელო); 21. ალექსანდრე ჯიღაური (ლელო), 22. ნიკოლას რაგოევი (ნევერი), 23. ვაჟა მიქაძე (ლელო).

მთავარი მწვრთნელი: ლადო კილასონია

შეგახსენებთ, C-ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრაში, არგენტინისა და საქართველოს დაპირისპირება შედგა, რომელიც უმცროსი ბორჯღალოსნების სრული დომინირებით წარიმართა და ლოგიკური შედეგით (0:20) დასრულდა.

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე სარეკორდო სხვაობით გაიმარჯვეს და თანაც როგორ – ტიერ1-ის არგენტინა უქულოდ დატოვეს და 20:0 დაამარცხეს!

არგენტინასთან მოპოვებულ გამარჯვებამდე აღნიშნულ ტურნირზე საქართველოს ყველაზე დიდი სხვაობით შოტლანდია ყავდა დამარცხებული (2018 წელს 39:31), აქამდე უმცროს ბორჯღალოსნებს არასდროს მოეგოთ მშრალი ანგარიშით, აქამდე საქართველოს არასდროს ჰქონია ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების და თასის ნახევარფინალში თამაშის შესაძლებლობა, ახლა კი ეს ყველაფერი ძალიან, ძალიან რეალურია.

სხვა სტატიები