Belive

"ის ქართველი ჯადოქარია" - რაგბი ევროპა დავით ნინიაშვილზე

3 თვის წინ რაგბი
2 წთ

2024 რაგბი ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე, რაგბი ევროპის ოფიციალურ ვებგვერდზე, ტურნირში მონაწილე ერების ვარსკვლავების შესახებ, ვრცელი სტატია განთავსდა. გასაკვირი არაა, რომ მოთამაშეთა შორის, რომელთაც ტურნირის მსვლელობისას უნდა დავაკვირდეთ, საქართველოდან დავით ნინიაშვილი დასახელდა.

რაგბი ევროპის ოფიციალურ ვებგვერდზე, ნინიაშვილს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს და ის ქართველ ჯადოქრად მოიხსენიეს.

დავით ნინიაშვილი (საქართველო)

დავით ნინიაშვილი ჯადოქარია, რომელსაც ქუდიდან კურდღლის ამოყვანა თითების დატკაცუნებით შეუძლია! თავდაპირველად ფანების ყურადღება 2020 წელს სანაკრებო დებიუტისას მიიპყრო და მას შემდეგ ზრდას განაგრძობს, როგორც ფულბექის - ასევე ფრთის მოთამაშის პოზიციაზე თამაშისას. ნინიაშვილის დამსახურებით, საქართველოს შემტევი პოტენციალი კიდევ უფრო გაიზარდა და ამ კომპონენტში "ბორჯღალოსნები" უდიდეს საფრთხეს წარმოადგენენ. 21 წლის მოთამაშე ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს პარიზში გასამართი ფინალის საგზური მოუპოვოს და ჩემპიონის ტიტულს კვლავ დაეუფლოს.

Top 14-ის მიმდინარე სეზონში, ის ფენომენალურად ასპარეზობს და განაგრძობს არნახულ ზრდას, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქართველი მორაგბე. მას შეუძლია ითამაშოს ვინგერად, როგორც "ლიონში", ან ფულბექად, როგორც საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.

დავით ნინიაშვილთან ერთად, რაგბი ევროპის რჩეულთა შორის შემდეგი მორაგბეები მოხვდნენ:

როდრიგო მარტა (პორტუგალია)

კრისტი ჩირინა (რუმინეთი)

ვოლფ ვან დიკი (ნიდერლანდები)

ვისენტ დელ ოიო (ესპანეთი)

ფლორიან რემე (ბელგია)

პიოტ ზეშუტეკი (პოლონეთი)

ედოარდო სტელა (გერმანია)

შეგახსენებთ, 2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი 3 თებერვალს აიღებს სტარტს. "ბორჯღალოსნების" პირველი მეტოქე გერმანიაა - მატჩი 4 თებერვალს, ქალაქ დესაუში გაიმართება.

ბორჯღალოსნების განრიგი

  • 4 თებერვალი: გერმანია - საქართველო

  • 10 თებერვალი: საქართველო - ნიდერლანდები

  • 17 თებერვალი: საქართველო - ესპანეთი

სხვა სტატიები