Belive

იაპონია Vs. რუსეთი - მატჩის შეჯამება + სტატისტიკა

4 წლის წინ რაგბი
3 წთ
რამდენიმე წუთის წინ 2019 წლის რაგბის მსოფლიო თასის პირველი მატჩი დასრულდა, სადაც ერთმანეთს მასპინძელი იაპონია და რუსეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 30:10 დასრულდა. მატჩი მეტად საინტერესოდ, რუსების სადებიუტო ლელოთი დაიწყო, რომელიც მატჩის მე-5 წუთზე კირილ გოლოსნიცკიმ დადო. კირილ გოლოსნიცკის ლელო იური კუშნარევმა გარდასახა და ტაბლოზე ანგარიში 0:7 დაფიქსირდა. "დათვების" ლელოდან 6 წუთში "საკურებმა" საკუთარი პირველი ლელო მიითვალეს, ლელოს ავტორი - კოტარო მაცუშიმამ გახლდათ, რომელიც იუ ტამურამ ვერ გარდასახა და მე-11 წუთზე ანგარიში 5:7 რუსების სასარგებლოდ დაფიქსირდა. მატჩის 38-ე წუთზე დუბლი მიითვალა იაპონელთა ფრთის მოთამაშე - კოტარო მაცუშიმამ, რომელმაც საკუთარ ანგარიშზე მეორე ლელო მიითვალა. ამჯერად იუ ტამურამ ლელო გარდასახა და პირველი ტაიმი 12:7 იაპონელთა გამარჯვებით დასრულდა. მეორე ტაიმი მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო. მატჩის 43-ე წუთზე რუსები საკუთარ 30 მეტრიანში დაჯარიმდნენ. ეს ჯარიმა კარში დაარტყა იუ ტამურამ და გაიტანა (15:7). ჯარიმის გატანიდან 3 წუთში რუსების კონტრშეტევას შეცდომა მოჰყვა, რომელიც კარგად გამოიყენა იაპონელთა მესამე ხაზელმა - პიტერ ლაბუშანემ, რომელმაც 40 მეტრიანი ლელო დადო. იუ ტამურამ კვლავ ვერ გამოიყენა გარდასახვა და ტაბლოზე ანგარიში 20:7 დაფიქსირდა. 13 ქულიანი უპირატესობის შემდეგ იაპონელებმა თამაშის ტემპი დააგდეს, შესაბამისად რუსებმა სათამაშო უპირატესობა მოიპოვეს და მასპინძლებს შეტევას-შეტევაზე უკეთებდნენ. მატჩის მე-60 წუთზე იაპონელთა კაპიტანი დაჯარიმდა. ამ ჯარიმას რუსების გატანილი ჯარიმა მოჰყვა და რუსეთის ნაკრების დამრტყმელმა იური კუშნარევმა ჩამორჩენა 10 ქულამდე შეამცირა. დარჩენილ დროში მასპინძლებმა თამაშის ტემპს მოუმატეს, რასაც მატჩის 63-ე წუთზე იუ ტამურას გატანილი ჯარიმა მოჰყვა და ანგარიში 23:10 გახდა. გატანილი ჯარიმის შემდეგ იაპონელებმა ტემპს კვლავ მოუმატეს, ამას ისიც დაემატა, რომ რუსები მეტად გადაიღალნენ. "საკურების" აქტიურობას კოტარო მაცუშიმას მესამე ლელო მოჰყვა, რომელიც რიკიია მაცუდამ გარდასახა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში 30:10 დააფიქსირა. იაპონიამ რუსეთს 4 ლელო დაუდო, რაც იმას ნიშნავს, რომ ბონუს ქულა მოიპოვა.  

გთავაზობთ მატჩის სრულ სტატისტიკას:

ტერიტორიული უპირატესობა (%) : იაპონია 48%; რუსეთი 52%

შეტევები: იაპონია 633; რუსეთი 284

პასები: იაპონია 169; რუსეთი 95

ოფლოუდები: იაპონია 11; რუსეთი 5

რაქებში გამარჯვებები: იაპონია 89; რუსეთი 89

ჯარიმები: იაპონია 5; რუსეთი 5

შერკინებები: იაპონია 4/4; რუსეთი 13/13

აუტები: იაპონია 14/13; რუსეთი 9/8

ბოჭვები: იაპონია 132; რუსეთი 121

გაფუჭებული ბოჭვები: იაპონია 19; რუსეთი 46

სხვა სტატიები