Belive

"გამარჯვება მთავარი პრიორიტეტია და ყოველთვის ამისთვის ვითამაშებთ" - რიჩარდ კოკერილი

3 თვის წინ რაგბი
2 წთ

2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე, 1 კვირაზე ნაკლებია დარჩენილი. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში სტუმრად გერმანიას დაუპირისპირდება, რის შემდეგაც ნიდერლანდებსა და ესპანეთს უმასპინძლებს.

გერმანიისა და საქართველოს სარაგბო მატჩი, 4 თებერვალს, 18 საათზე, დესაუში გაიმართება. ტურნირის დომინანტი საქართველო უპირობო ფავორიტის სტატუსით სარგებლობს და ამ სულისკვეთებას ახალი მთავარი მწვრთნელი - რიჩარდ კოკერილიც იზიარებს.

საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე, რიჩარდ კოკერილისა და თავისი ასისტენტების კომენტარები განთავსდა.

ვემზადებით გერმანიასთან მატჩისთვის. ამ პროცესში ბევრი რამ ხდება ახალი – ახალ მწვრთნელებთან და მოთამაშეებთან ინტეგრაციის პროცესი საკმაოდ მნიშვნელოვანია. გამარჯვება მთავარი პრიორიტეტია და ყოველთვის ამისთვის ვითამაშებთ, თუმცა ამავდროულად, უნდა დავიჭიროთ ბალანსი – მომზადების პროცესი და ახალი მოთამაშეების გამოცდაც მნიშვნელოვანია - რიჩარდ კოკერილი (მთავარი მწვრთნელი).
ვგრძნობ, რომ გუნდმა კარგად მიმიღო – როგორც სტაფმა, ისე მოთამაშეებმა. ვხედავ, რომ სწავლის დიდი სურვილი აქვთ. აქ დამხვდა ლევანისა (მაისაშვილი) და ქორის (ბრაუნი) მიერ შექმნილი კარგი ბაზა. მოთამაშეებს აქვთ სასურველი სარაგბო უნარები და ესმით თამაში, თუმცა ისინი ყოველთვის ეძებენ გზებს გახდნენ უკეთესი.

ჩემი საქმე და გამოწვევაა მათი განვითარება სხვადასხვა მიმართულებით. საბოლოო მიზანს კი ისეთი თამაშის ჩვენება წარმოადგენს, რომელიც ნებისმიერ დონეზე მოგებაში დაგვეხმარება – არ აქვს მნიშვნელობა როგორი ამინდია, ან როგორი მოწინააღმდეგე გვყავს. მოთამაშეებმა უნდა გაათვითცნობიერონ ამოცანა და შემდეგ მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები წნეხის ქვეშ.
- კონორ მაკფილიპსი (შეტევის მწვრთნელი).
ჩემი პირველი შთაბეჭდილება დადებითია. ამ გუნდში დიდი ნიჭი და პოტენციალია. ჩვენი სამუშაო იქნება ის, თუ რამდენად კარგად განვავითარებთ ამ პოტენციალს, რათა საქართველო მომავალ წლებში უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ. ისტორიულად, შერკინება და მოლი ქართული რაგბის ძლიერი მხარეებია. ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ეს ძალა და პარალელურად, განვვითარდეთ სხვა მიმართულებითაც. უნდა შევძლოთ ქართული ფიზიკურობის დომინაცია მოწინააღმდეგეებზე და თუ ჩვენ ამაზე მუდმივად ვიმუშავებთ, შევძლებთ ტოპ ათეულში შესვლას. - შონ სოვერბი (დერეფნისა და დაცვის მწვრთნელი).

ბორჯღალოსნების გაფართოებული შემადგენლობა 2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპისთვის

შერკინება: დავით აბდუშელიშვილი (შავი ლომი), გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), გიორგი ახალაძე (ბეზიე), ლუკა ნიორაძე (ორიაკი), თენგიზ ზამთარაძე (შავი ლომი), ვანო კარკაძე (მონპელიე), ირაკლი აფციაური (გრენობლი), გიორგი ქართველიშვილი (ორიაკი), გიორგი ჩხარტიშვილი (შავი ლომი); ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), გრიგორ ქერდიყოშვილი (შავი ლომი), გიორგი ჯავახია (გრენობლი), მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), გურამ ღანიაშვილი (გრენობლი); გიორგი კერვალიშვილი (შავი ლომი), გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე), ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი), თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი), ილია სპანდერაშვილი (შავი ლომი), ბექა შვანგირაძე (ორიაკი).

ხაზი: მიხეილ ალანია (ორიაკი), გიორგი მარგალიტაძე (შავი ლომი), დავით ხუროშვილი (კლერმონი); ლუკა მატკავა (შავი ლომი), თედო აბჟანდაძე (მონტობანი); მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), გიორგი კვესელაძე (შავი ლომი), დემურ თაფლაძე (შავი ლომი), თორნიკე კახოიძე (შავი ლომი); ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი), აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), შაკო აფციაური (შავი ლომი); მირიან მოდებაძე (შავი ლომი), დავით ნინიაშვილი (ლიონი), ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი).

სხვა სტატიები