Belive

"გააზრებული გვაქვს, რომ ჩვენს უკან ქართველი ხალხი დგას" - თორნიკე კახოიძე

9 თვის წინ რაგბი
3 წთ

U20 რაგბის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, 1/2-ფინალში გასული ოთხივე გუნდის ვინაობა გახდა ცნობილი. ასევე, ცნობილია იმ გუნდების ვინაობა, რომლებიც მეხუთე-მერვე და მეცხრე-მეთორმეტე ადგილებისთვის გამართავენ ბრძოლას.

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ისტორიული შედეგი დააფიქსირეს და უძლიერეს ჯგუფში ორი თამაშის მოგება შეძლეს, რის შემდეგაც 1/2-ფინალში გასვლის კარგი შანსი ჰქონდათ, თუმცა, საბოლოოდ ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს და მეხუთე-მერვე ადგილებისთვის განაგრძობენ ბრძოლას, რაც საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების ისტორიაში საუკეთესო შედეგია. მეხუთე-მერვე ადგილისთვის ბრძოლაში, უმცროსი ბორჯღალოსნები უელსელ თანატოლებს დაუპირისპირდებიან, ხოლო მეორე შეხვედრაში ახალი ზელანდიისა და ავსტრალიის დაპირისპირება შედგება. წყვილებში გამარჯვებულები მეხუთე ადგილის დასაკავებლად იბრძოლებენ, ხოლო დამარცხებულები ერთმანეთს მეშვიდე ადგილისთვის დაუპირისპირდებიან.

მეხუთე-მერვე ადგილები

  • საქართველო Vs. უელსი
  • ახალი ზელანდია Vs. ავსტრალია

პრინციპული მატჩის წინ, ისტორიული შედეგის ერთ-ერთ მთავარ შემოქმედს ვესაუბრეთ. belive-სთან საუბარში, უმცროსი ბორჯღალოსნების წევრმა თორნიკე კახოიძემ აღნიშნა, რომ ნაკრებში ყველას აქვს გააზრებული ის პასუხისმგებლობა, რომ მათ უკან ქართველი ხალხი დგას.



თორნიკე კახოიძე: "ჩვენი თაობა, როგორც სხვა მონაწილე გუნდები, რა თქმა უნდა, ჩემპიონობისთვის ვიბრძოდით. მიუხედავად იმისა, რომ ნახევარფინალში გასასვლელად ძალიან ცოტა დაგვაკლდა, განვაგრძობთ ბრძოლას მე-5 ადგილისთვის და ამ ისტორიული შედეგის მისაღწევად, ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ.

თამაშისთვის ყოველთვის განსაკუთრებული სამზადისი გვაქვს. ყოველი თამაშის წინ გასახდელში ბიჭებისგან საოცარი მუხტი იგრძნობა და თითოეულ ჩვენგანს გააზრევული აქვს, რომ ჩვენს უკან ქართველი ხალხი დგას. ვიცით ჩვენი გამარჯვებით, რამხელა სიხარულს მივანიჭებთ თითოეულ მათთაგანს.

ფიზიკურად ყველაზე რთული თამაში სამხრეთ აფრიკასთან გვქონდა. რთულია მსოფლიო ჩემპიონატზე სამხრეთ აფრიკაში, პირველივე თამაშში სამხრეთ აფრიკას გაუწიო კონკურენცია, მაგრამ ჩვენ ჩვენი როლების კარგად ცოდნის ხარჯზე და იმ ანთებული გულით მაინც მოვახერხეთ რომ თამაში შემოგვეტრიალებინა. მიუხედავად ამისა, მაინც ცოტა იღბალი დაგვაკლდა და სამწუხაროდ ვერ წამოვიღეთ ეგ თამაში. ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდა მორაგბისთვის ასეთ ტურნირებზე მონაწილეობის მიღება, რადგან ძალიან დიდ გამოცდილებას ვიღებთ თითოეული ჩვენგანი, რა თქმა უნდა, მოგებული თამაშებით მეტ თავდაჯერებულობას და მეტ სათამაშო გამოცდილებას ვიძენთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მორაგბისთვის.

გუნდში ძალიან კარგი სიტუაციაა, რაც ძალიან გვეხმარება თამაშის განმავლობაში. ბოლო ორი თამაში მოვიგეთ, რამაც თავდაჯერებულობა მოგვმატა და ჩვენ გულშემატკივრებს ვპირდებით, რომ უელსის წინააღმდეგ გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ".

შეგახსენებთ, მეხუთე-მერვე ადგილებისთვის ბრძოლაში, საქართველოს პირველი მეტოქე უელსი გახლავთ, რომელსაც 9 ივლისს, თბილისის დროით 18:30 საათზე დავუპირისპირდებით. უელსის დამარცხების შემთხვევაში, საქართველო ახალ ზელანდიასა და ავსტრალიას შორის გამარჯვებულს შეერკინება.

სხვა სტატიები