Belive

FLORUGBY: "ამბიციური და შეუპოვარი საქართველო"

7 თვის წინ რაგბი
1 წთ

2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის დაწყებამდე 2 დღეა დარჩენილი. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები C-ჯგუფში ავსტრალიის, უელსის, ფიჯისა და პორტუგალიის წინააღმდეგ იასპარეზებს და ზედიზედ მე-6 მსოფლიო თასზე ისტორიული შედეგის დაფიქსირებას შეეცდება.

პრაქტიკულად ყველა სარაგბო მედია საშუალება ბორჯღალოსნების შესახებ წერს და საქართველოს ნაკრებს ჯგუფის ერთ-ერთ გამორჩეულ ძალად ასახელებს. გამონაკლისი არც FLORUGBY აღმოჩნდა, რომელმაც C-ჯგუფს ვრცელი სტატია მიუძღვნა და საქართველო ამბიციურ ძალად დაასახელა.

საქართველო

მსოფლიო თასზე ასპარეზობა: 2003 წლიდან, ზედიზედ მეექვსედ

საუკეთესო შედეგი: ჯგუფში 2 თამაშის მოგება (2015)

ამბიციური და შეუპოვარი საქართველო, რომელიც რაგბი ევროპის ჩემპიონატის დომინანტია, უკანასკნელ წლებში ჩამოყალიბდა, როგორც ტიერ 2-ის უძლიერესი წარმომადგენელი ევროპასა და მთელს მსოფლიოში. ასევე შედეგმა, რომელიც ლევან მაისაშვილმა და მისმა გუნდმა გასულ წელს დააფიქსირა, კიდევ უფრო დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.

2022 წლის ივლისში, ბორჯღალოსნებმა ტიერ 1-ის წარმომადგენელი იტალია ისტორიაში პირველად დაამარცხეს, მაგრამ ამ ტრიუმფიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ნოემბერში, კარდიფში უელსის ნაკრებს სძლიეს და ქართული რაგბის ისტორიაში უდიდესი გამარჯვება მოიპოვეს. მატკავას მიერ გატანილმა ჯარიმამ საქართველოს გამარჯვება მოუპოვა, უელსს კი სირცხვილი, რასაც "დრაკონების" მთავარი მწვრთნელი უეინ პივაკი შეეწირა.

რაგბის მსოფლიო თასზე უელსსა და საქართველოს შორის რემატჩი შედგება, თუმცა, მანამდე ბორჯღალოსნები სხვა მეტოქეებს დაუპირისპირდებიან და გამარჯვებების მოპოვებას შეეცდებიან. გამარჯვების ყველაზე მაღალი შანსი ბორჯღალოსნებს პორტუგალიის წინააღმდეგ აქვთ.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის უწყვეტი ჩემპიონი შეეცდება, რომ მსოფლიო თასზე ხმაურიანი გამარჯვებები მოიპოვოს, რათა 6 ერის გაფართოების შესახებ დაწყებული საუბარი კიდევ უფრო ხმაურიანი გახდეს. უელსის ავსტრალიის ან ფიჯის წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვება საქართველოს შესაძლებლობას მისცემს, რომ 6 ერის მესვეურები მათ სიძლიერეში და ამ უპრესტიჟულეს სანაკრებო ტურნირში მიღების აუცილებლობაში დაარწმუნოს.

თუკი გსურთ იმის ნახვა, სადებიუტო მსოფლიო თასიდან 20 წლის შემდეგ, როგორ განვითარდა და გაიზარდა საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, დააკვირდით ვასილ ლობჟანიძეს. 2015 წლის მსოფლიოზე თასზე, მან ჯონა ლომუს რეკორდი გააუმჯობესა და გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე (18), რომელმაც მსოფლიო თასზე იასპარეზა. ახლა 26 წლის ლობჟანიძეს 75 სანაკრებო კეპი აქვს და ბორჯღალოსნების ერთ-ერთი ვარსკვლავია - მას შეუძლია რომ ცენტურიონი 30 წლამდე გახდეს, რაც უდიდესი მონაპოვარია. ლობჟანიძე შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი მსოფლიო თასის ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდეს.
- FLORUGBY.

შეგახსენებთ, რაგბის მსოფლიო თასი 8 სექტემბერს, საფრანგეთისა და ახალი ზელანდიის დაპირისპირებით გაიხსნება. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 9 სექტემბერს, ავსტრალიას დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები