Belive

"ესპანეთში მოპოვებული შთამბეჭდავი გამარჯვებით საქართველომ იტალიას გადაუსწრო" - Planetrugby

1 წლის წინ რაგბი
3 წთ

რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში, ესპანეთისა და საქართველოს დაპირისპირება შედგა. ტორელავეგაში, პრინციპულ მეტოქესთან გამართული მატჩი, "ბორჯღალოსნების" სრული დომინირებით წარიმართა და ლოგიკური შედეგით (3:41) დასრულდა.

ესპანეთის წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ქვეჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და 1/2-ფინალურ დაპირისპირებაში, შინ რუმინეთს დაუხვდება.

ტორელავეგაში მოპოვებული გამარჯვება იმ გარემოებითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ საქართველო მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდა. 16 და მეტი ქულით მოპოვებული გამარჯვების შედეგად, საქართველოს +0.75 სარეიტინგო ქულა დაემატა, რაც საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ "ბორჯღალოსნებს" იტალიისთვის გადაესწროთ და რეიტინგის მე-12 პოზიციაზე აღზევებულიყვნენ.

გავლენიანი სარაგბო გამოცემა Planetrugby "ბორჯღალოსნების" გამარჯვებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ იტალიის გადასწრების შემდეგ, საქართველო ისტორიულ საუკეთესო შედეგს მიუახლოვდა.

"ესპანეთთან მოპოვებული შთამბეჭდავი გამარჯვების შემდეგ, მსოფლიო რაგბის რეიტინგი განახლდა, სადაც "ბორჯღალოსნებმა" იტალიას გადაუსწრეს და ისტორიულ საუკეთესო შედეგს მიუახლოვდნენ.

იმ დროს, როდესაც 6 ერზე პაუზა იყო გამოცხადებული, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ეგიდით, 4 მატჩი გაიმართა, რამაც რეიტინგის ცვლილებაზე მოახდინა გავლენა. ტორელავეგაში, რამდენიმე წამყვანი მოთამაშის გარეშე მოასპარეზე ესპანეთი საქართველოსთან 3:41 დამარცხდა. "ბორჯღალოსნები რეიტინგში 1 საფეხურით დაწინაურდნენ და მე-12 ადგილზე აღზევდნენ. აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და რეიტინგის მე-11 პოზიციაზე მყოფ სამოას შორის ქულათა სხვაობა მინიმალურია და უახლოეს მომავალში საქართველომ შესაძლოა სამოას გადაასწროს და მე-11 ადგილი დაიკავოს".


Untitled-3

განვიხილოთ შესაძლებლობა, თუ როდის შეძლებს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები დამატებითი ქულების მოპოვებას და რეიტინგში კვლავ დაწინაურებას. იმისათვის, რომ საქართველო ისტორიულ საუკეთესო პოზიციას დაუბრუნდეს 0.1 სარეიტინგო ქულის მომატებაა საჭირო.

როგორც უკვე მოგახსენეთ, რაგბი ევროპის ჩემპიონატის 1/2-ფინალურ დაპირისპირებაში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რუმინეთს უმასპინძლებს. 5 მარტს, კატასტროფულად დასუსტებულ რუმინეთთან ნებისმიერი სხვაობით გამარჯვების მიუხედავად, საქართველოს სარეიტინგო ქულები არ მოემატება.

მეორე 1/2-ფინალურ შეხვედრაში, პორტუგალიისა და ესპანეთის დაპირისპირება შედგება. გამარჯვებულები ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდებიან. იმ შემთხვევაში, თუ "ბორჯღალოსნები" რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში ესპანეთის ან პორტუგალიის დამარცხებას შეძლებენ, სარეიტინგო ქულები გარანტირებულად მოემატებათ, რაც საკმარისი იქნება იმისათვის, რომ საქართველომ სამოას გადაასწროს და მე-11 პოზიციაზე აღზევდეს.

2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალური დაპირისპირება 19 მარტს, ბადახოსში (ესპანეთი) გაიმართება.

სხვა სტატიები