ერთა თასი | ბორჯღალოსნების მეტოქეები და კალენდარი ცნობილია
მსოფლიო რაგბის მიერ ინიცირებული ახალი ტურნირი 2026 წლის ზაფხულში დაიწყება. როგორც ცნობილია, ერთა თასი ორი დივიზიონისგან შედგება - პირველში ტიერ 1-ის წარმომადგენლები ითამაშებენ, ხოლო საქართველო მეორე დივიზიონში იასპარეზებს. გავარდნა/აღზევების პლეი-ოფი კი 2030 წლამდე არ იგეგმება.
საქართველოს რაგბის კავშირმა ოფიციალური პრეს-რელიზი გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ბორჯღალოსნები ერთა თასის პირველ მატჩს ურუგვაის წინააღმდეგ გამართავენ.
ერთა თასი
I რაუნდი | 4 ივლისი, 21:00 - ურუგვაი Vs. საქართველო
II რაუნდი | 11 ივლისი, 23:00 - სამოა Vs. საქართველო
III რაუნდი | 19 ივლისი, 02:00 - ჩილე Vs. საქართველო
შეგახსენებთ, რომ ტურნირის ფორმატიდან გამომდინარე, ერები ერთმანეთს ზაფხულისა და შემოდგომის ფანჯრის დროს დაუპირისპირდებიან. ბორჯღალოსნები ივლისში 3 საგარეო მატჩს, ხოლო ნოემბერში 3 საშინაო დაპირისპირებას გამართავენ.
გულშემატკივარს, რომელმაც ჯერ კიდევ არ იცის ახალი ტურნირის შესახებ ვეტყვით, რომ საერთაშორისო ტესტ-მატჩები იმ სახით, რომლითაც აქამდე ვიცნობდით დასრულდა - მმერთა თასი 2026 წლის ზაფხულში აიღებს და ტესტებს ჩაანაცვლებს.
მსოფლიო რაგბის ამ გადაწყვეტილებით, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა - ბორჯღალოსნებს პირველი ეშელონის ერებთან (Tier 1) დაპირისპირების შესაძლებლობა მხოლოდ მსოფლიო თასზე ექნებათ.
ახალი 24-გუნდიანი ტურნირი ერთა თასის სახელითაა ცნობილი და ის ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ჩატარდება. ტურნირი არ დაემთხვევა მსოფლიო თასის გამართვის თარიღსა და ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების ტურნეს. ერთა თასი 2 დივიზიონისგან შედგება. პირველ დივიზიონში 6 ერისა და სანზაარის წარმომადგენლებთან ერთად, ფიჯი და იაპონია არიან მიწვეული. საქართველო კი მეორე დივიზიონში ითამაშებს, სადაც მეორე ეშელონის ქვეყნებს დაუპირისპირდება.
პირველი დივიზიონი: ირლანდია, საფრანგეთი, ინგლისი, უელსი, იტალია, შოტლანდია, ახალი ზელანდია, ავსტრალია, არგენტინა, სამხრეთ აფრიკა, ფიჯი, იაპონია.
მეორე დივიზიონი: საქართველო, პორტუგალია, ესპანეთი, რუმინეთი, აშშ, კანადა, ჩილე, ურუგვაი, ტონგა, ზიმბაბვე, ჰონგ კონგი, სამოა.
როგორც აღვნიშნეთ, მსოფლიო რაგბის ეს გადაწყვეტილება მძიმე დარტყმაა, როგორც საქართველოსთვის - ისე სხვა განვითარებადი ერებისთვის, რადგან მათ პირველი ეშელონის წარმომადგენლებთან თამაში აღარ შეეძლებათ და მხოლოდ მსოფლიო თასზე გაეჯიბრებიან. აღსანიშნავია რომ პირველ და მეორე დივიზიონებს შორის გავარდნა/აღზევების პლეი-ოფი 2030 წლამდე არ იმოქმედებს. პლეი-ოფში პირველი დივიზიონის ბოლოადგილოსანი და მეორე დივიზიონის გამარჯვებული შეხვდებიან ერთმანეთს.
ფოტო: rugby.ge