Belive

"ძალიან, ძალიან მკაცრი ჯარიმა, რომ აღარაფერი ვთქვათ ყვითელ ბარათზე": ნაიჯელ ოუენსი ამაშუკელის შესახებ

1 წლის წინ რაგბი
3 წთ
ზაფხულის ტესტ-მატჩების ეგიდით გამართულ შეხვედრაში, სამხრეთ აფრიკისა და უელსის დაპირისპირება შედგა. ტრილოგიის პირველი ბრძოლა "სპრინგბოქსის" გამარჯვებით, ანგარიშით 32:29 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონისა და 6 ერის გამორჩეული ნაკრების სარაგბო დაპირისპირებას - ქართველი არბიტრი, ნიკა ამაშუკელი უძღვებოდა. საუკეთესო ქართველი არბიტრი თამამი გადაწყვეტილებების მიღებას არ მოერიდა და უელსის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მიმართ, განსაკუთრებული სიმკაცრე გამოიჩინა. წესების დარღვევის გამო, ამაშუკელმა 4 უელსელი მორაგბე "გაასინბინა". განსაკუთრებით დრამატული მატჩის ბოლო წუთები გამოდგა, რა დროსაც, ამაშუკელმა 3 უელსელი მორაგბე გააყვითლა. ამაშუკელის გადაწყვეტილებებს უელსში ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა - გულშემატკივრებმა და უელსის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, დენ ბიგარმა ქართველი არბიტრის ქმედება გააკრიტიკეს. სარაგბო სამყაროს საკულტო ფიგურამ და ლეგენდარულმა ყოფილმა არბიტრმა - ნაიჯელ ოუენსმა, კონკრეტული ეპიზოდი გაარჩია და აღნიშნა, რომ ლუის რის-ზამიტთან მიმართებაში, ნიკა ამაშუკელმა ზედმეტი სიმკაცრე გამოიჩინა. "ცენტურიონმა" არბიტრმა, ამაშუკელის ქმედება გააკრიტიკა. ოუენსის მტკიცებით, რის-ზამიტმა ბოჭვა ლეგალურად შეასრულა და წესების დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
ნაიჯელ ოუენსი: "მკაცრად დაისაჯა თუ არა ლუის რის-ზამიტი? არა მხოლოდ როგორც უელსელი, არამედ როგორც მსაჯი, ან შესაძლოა ყოფილი მსაჯი - დიახ, ჩემთვის მიღებული გადაწყვეტილება ცოტა მკაცრი იყო. რის-ზამიტმა გააკეთა ის, რაც დამცველმა მოთამაშემ უნდა გააკეთოს. კონტაქტის შემდეგ, მბოჭავმა მიწაზე მყოფი მოთამაშე უნდა გაათავისუფლოს, შემდეგ ადგეს ფეხზე და ბურთისთვის ამ მდგომარეობაში იბრძოლოს. ჩემთვის რის-ზამიტის ქმედება არის სახელმძღვანელოში შესატანი. შესანიშნავი დარტყმის შემდეგ, ლუისი ხელებს ათავისუფლებს, დგება ფეხზე, ისე რომ ეს ყველაფერი მკაფიოდ გამოჩნდა და შემდეგ ის ლეგალურად იბრძვის ბურთზე. ჩემი აზრით, ლუის რის-ზამიტის წინააღმდეგ, ძალიან, ძალიან მკაცრი ჯარიმა დაინიშნა, რომ აღარაფერი ვთქვათ ყვითელ ბარათზე".
 

სხვა სტატიები