Belive

"დიდი პასუხისმგებლობა და უდიდესი ემოცია იყო პირველად ჰიმნზე დგომა" - სერგო აბრამიშვილი

1 წლის წინ რაგბი
4 წთ

2023 წლის 5 თებერვალს, რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრაში, საქართველოსა და გერმანიის დაპირისპირება შედგა. თბილისში, "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" გამართული დაპირისპირება, "ბორჯღალოსანთა" დამაჯერებელი გამარჯვებით, 75:12 დასრულდა.

აღნიშნული მატჩი იმ გარემოებითაც გახლდათ მნიშვნელოვანი, რომ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 3 დებიუტანტი ვიხილეთ. ოთარ ლაშხმა მატჩი სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო, თენგიზ ზამთარაძე და სერგო აბრამიშვილი კი დაპირისპირებაში მარქაფიდან ჩაერთვნენ.

სერგო აბრამიშვილი 294-ე ბორჯღალოსანი გახდა, რომელმაც საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კვართი მოირგო. "ხვამლის" აღზრდილი ახალგაზრდა ბურჯი, ტოპ 14-ის ბინადარი "სტად ფრანსეს" ღირსებას იცავს და ელიტურ სარაგბო ჩემპიონატში ნაჩვენები ბრწყინვალე რეზულტატის შედეგად, "ბორჯღალოსანთა" სამწვრთნელო შტაბის ყურადღებაც მიიპყრო.



ახალგაზრდა ბურჯისა და "სტად ფრანსეს" პირველი კონტაქტი 2020 წლის მარტში შედგა. თავდაპირველად აბრამიშვილი ესპუარებში საასპარეზოდ განიხილებოდა, თუმცა გასაოცარი ფიზიკური ძალისა და შესანიშნავი სარაგბო უნარების გამოვლენის შემდეგ, "სტად ფრანსემ" კონტრაქტი გაუხანგრძლივა და ძირითად გუნდში დააწინაურა.

აბრამიშვილი საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებთან ერთად შეკრებაზე იმყოფება და ესპანეთის წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის ემზადება. Live.ge სერგო აბრამიშვილს დაუკავშირდა და საკლუბო და სანაკრებო კარიერის შესახებ ესაუბრა.

პირველი კონტაქტი "სტად ფრანსესთან"

"სტად ფრანსესთან" პირველი კონტაქტი 2020 წლის მარტში შედგა, რაშიც ძალიან დიდი წვლილი კარლენ ასიეშვილს მიუძღვის. ჩემი თამაშის ნახვის შემდეგ, მან სპორტულ აგენტთან დამაკავშირა, რომელთანაც მთელი კარიერა მუშაობდა. ეს ძალიან დამეხმარა და კარლენს დიდი მადლობა ამისთვის.

"სტად ფრანსეს" 2020 წლის აგვისტოში შევუერთდი - თავდაპირველად ასაკობრივ გუნდში დავიწყე ვარჯიში, მაგრამ ჩემი ასაკის გამო, თამაში არ შემეძლო. თავიდან ყველაფერი ძალიან რთული იყო - უცხო ქვეყანაში, ოჯახისგან შორს, ამასთან ერთად ენის ბარიერიც ართულებდა ყველაფერს. რამდენიმე თვის შემდეგ ესპუარებში თამაში დავიწყე, ამის შემდეგ ძირითად გუნდში ვარჯიში დამაწყებინეს.

გუნდში არსებული ვითარება

"სტად ფრანსე" უმაღლესი დონის მოთამაშეებით დაკომპლექტებული დიდი გუნდია. მათთან კონკურენციის გაწევა ძალიან რთულია. მაღალი დონისა და მაღალი დატვირთვის ვარჯიშები გვაქვს. გუნდში ძალიან კარგი გარემოა, ოჯახური სიტუაციაა და ამასთან ერთად 3 ქართველი თანაგუნდელი მყავს.

ვასილ კაკოვინი, გიორგი ცუცქირიძე და გიორგი მელიქიძე ყველაფერში მეხმარებიან. მოედანზე და მოედნის გარეთაც თითქმის სულ ერთად ვართ. გუნდში მეგობრული გარემოა. ყველასთან კარგი და მეგობრული ურთიერთობა მაქვს. შეკრებები გვაქვს ხოლმე, მაგრამ განსაკუთრებულად ახლოს ქართველებთან ვარ.



დებიუტი ტოპ 14-ში და ელიტაში მიღებული გამოცდილება

ტოპ 14 ში დებიუტი "ბორდოს" წინააღმდეგ მქონდა. თამაშამდე ძალიან ვნერვიულობდი, მთელი კვირა ამ მატჩზე ვფიქრობდი, მაგრამ, როდესაც მოედანზე შევედი ყველანაირი წნეხი მომეხსნა და მოცემული შანსი გამოვიყენე.

ტოპ 14 უმაღლესი დონის ჩემპიონატია, რომელიც უძლიერესი გუნდებითაა დაკომპლექტებული. ვფიქრობ, რომ შერკინების მოთამაშისთვის ამ ჩემპიონატზე მაღალი დონე არ არსებობს - აქ შერკინებასა და ძალისმიერ რაგბს უმნიშვნელოვანესი როლი აქვს.

დებიუტი საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებში

საქართველოს ნაკრებში თამაში ყველა ქართველისთვის ოცნებაა. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და დიდი ემოცია იყო პირველად კვართის ჩაცმა და ჰიმნზე დგომა. გუნდში ძალიან კარგი და მეგობრული გარემოა. ვარჯიშები მაღალ დონეზე ტარდება - ვიხვეწებით და თამაშების მოგებაზე ვართ ორიენტირებული.



რჩევა დამწყებ მორაგბეებს

მხოლოდ ერთი გამორჩეული მორაგბე არ მყავს, რომელსაც შეიძლება, რომ კუმირი ვუწოდო. ყოველთვის ვუყურებდი და ვცდილობდი მესწავლა მაღალი დონის მორაგბეებისგან. მთავარია მიზანდასახულობა და შეგეძლოს გაიღო ყველაფერი იმისთვის, რაც გიყვარს.

ფოტო: facebook.com/GeorgianRugby

სხვა სტატიები