Belive

დიდი 10 | ლელო-სარასენსი 38:34 ყოჩები

1 წლის წინ რაგბი
4 წთ

დიდი 10-ის მიმდინარე გათამაშების ლიდერმა ‘ლელო-სარასენსმა’, ბოლნისის ‘ყოჩებს’ დასკვნით 7 წუთში სამი უპასუხო ლელო გაუტანა და დაძაბულ მატჩში 38:34 იმარჯვა.

„შევარდენის“ ხელოვნურსაფარიან მოედანზე ნაღდი სარაგბო, ქართული დერბი გაიმართა. ორი პრინციპული მეტოქის დაპირისპირება ტრადიციულად თვალსასეირო საყურებელი გამოდგა და მოედნის გარშემო შემოკრებილმა ქომაგმა ჯამში 10 ლელოს ხილვით ისიამოვნა.

‘ლელოს’ ფულბეკმა ირაკლი ყიასაშვილმა კლუბის მაისურით 250-ე თამაში ჩაატარა, რაც ფანტასტიური მაჩვენებელია. ‘ყოჩებთან’ მან გუნდს 13, სულ კი 2420 ქულა შესძინა და მის განვითარებასა და წინსვლაში უდიდესი როლი ითამაშა.

ამ გამარჯვების შემდეგ, რეგულარული გათამაშების დასრულებამდე სამი ტურით ადრე, ‘ლელო-სარასენსი’ სატურნირო ცხრილის თავში 53 ქულით მოექცა და უახლოეს მდევარს 5, ხოლო მესამე საფეხურზე მყოფ ქუთაისის ‘აიას’ 10 ქულით უსწრებს. ‘ყოჩებმა’ 4-ის ნაცვლად ერთი ნუგეშის ქულა მიიღო, ჯამში 34 გაუხდა და მე-7 პოზიციაზეა. მას 2 ქულით უსწრებს და საფლეიოფო მეექვსე ადგილზეა ქუთაისის ‘არესი’.

რადგან დიდ დიღომში, „ლელო არენაზე“ მოედნის განახლება მიმდინარეობს, ‘ლელომ’ ‘ყოჩებს’ „შევარდენზე“ უმასპინძლა და 50 წუთში 13-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა. თამაში მასპინძლების შეტევებით დაიწყო და ყიასაშვილმა ჯარიმით ანგარიში გახსნა. მე-10 წუთზე პეტრე ხუციშვილმა კარის წინიდან ფეხით, მარცხენა ფრთაზე გადაკიდა ბურთი, მას ვაჟა მიქაძე დაეუფლა და მატჩის პირველი ლელო გაიტანა.

‘ყოჩებმა’ 4 წუთში უპასუხა, როდესაც მოლის შემდეგ ხაზზე გაშალა ბურთი და ნიკოლოზ რეხვიაშვილის კარგი თამაშის შემდეგ მარცხენა ალამთან ლელო სერგი ჩხაიძემ გაიტანა. ბოლნისელებმა შეძლეს მეტოქის 22-ში ფეხის მოკიდება, ჯარიმით წონასწორობის აღდგენას ლელოზე თამაში არჩიეს, მაგრამ ბურთი ჩაიხურა და უქულოდ დარჩნენ. სამაგიეროდ, ჯარიმებით ქულების აღებაზე უარი არ თქვეს თბილისელებმა, ყიასაშვილმა 32-ე და 35-ე წუთებზე 3-3 ქულა მიითვალა და ტაიმი 14:5 დასრულდა.


898

მეორე ტაიმი და განსაკუთრებით დასკვნითი წუთები უხვლელოიანი გამოდგა. დასაწყისში ლაშა მალაღურაძემ კარის წინ 45 მეტრიდან ჯარიმა გაიტანა. 50-ე წუთზე ყიასაშვილის ფეხით გადაკიდებული ბურთი ბოლნისელებმა პირველ ჯერზე ვერ აიღეს, მერე შალვა აფციაურმა ის მეტოქეს ხელიდან გამოგლიჯა და ლელომდე 35 მეტრი ირბინა. ყიასაშვილმა გარდასახა. ‘ყოჩებმა’ იერიშები გააგრძელა და მალე რატი ბერაია სინბინით დაისაჯა. სტუმრებმა რიცხობრივი უპირატესობით კარგად ისარგებლეს, 59-ე წუთზე წუთზე გიორგი კურტანიძემ 5-მეტრიანი შერკინებიდან შეუტია და მიზნამდე სანტიმეტრები დააკლდა, თუმცა რაქიდან ბურთი ომარ ბალიაშვილმა გადადო და მალაღურაძემ გარდასახა.

66-ე წუთზე ‘ყოჩები’ პირველად დაწინაურდა. ნიკა სამხარაძემ დაცვის ხაზი კარის წინ, მაღალ სიჩქარეში სუფთად გაჭრა და მისი ლელო მალაღურაძემ გარდასახა – 21:22. ორიოდე წუთში გოგიტა რიკაძეს ფეხით მოგერიებისას ნიკოლოზ რეხვიაშვილმა დაუფარა და ოვალი ლელოში დაამიწა. მალაღურაძემ გარდასახვით უპირატესობა გაზარდა, 72-ე წუთზე კი, მასპინძლებმა კიდევ ერთხელ დაუშვეს შეცდომა და სტუმართა კონტრშეტევა ბალიაშვილის ლელოთი დასრულდა. გარდასახვა მიზანს ასცდა, თუმცა დარჩენილი 7 წუთისთვის სხვაობა სოლიდური, 13 ქულა გახდა.

მატჩის განახლება გარდამტეხი აღმოჩნდა. პირველი ბურთი რეხვიაშვილმა ვერ აიღო და შალვა აფციაურმა ერთი საპასუხო ლელო სწრაფად გაიტანა. 76-ე წუთზე ‘ლელომ’ ხელდახელ შეუტია, ფრთებზე ვაჟა მიქაძემ და აფციაურმა კარგად იარეს, საქმეში ფორვარდები ჩაერთვნენ და ბექა მამუკაშვილმა ლელო გაიტანა, ხოლო ყიასაშვილმა გარდასახვით სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა. ბოლო შეტევისას ‘ყოჩები’ მარჯვენა ფრთაზე დაჯარიმდა, ‘ლელომ’ დერეფნიდან მოლი დააყენა, რომელიც თითქოს დაიშალა, თუმცა გიორგი მაისურაძემ მაინც შეძლო გამარჯვების ლელოს გატანა და ის ვიდეორეფერიმ დაადასტურა – 38:34.

მიუხედავად მარცხისა, მატჩის საუკეთესო მოთამაშე ბოლნისელთა შუამარბი სერგი ჩხაიძე გახდა.

წყარო: rugby.ge

სხვა სტატიები