Belive

"დამსახურებული გაძევება" - ნაიჯელ ოუენსმა ამაშუკელის გადაწყვეტილებები შეაფასა

1 წლის წინ რაგბი
2 წთ

მსოფლიო რაგბის პოპულარული რუბრიკა - Whistle Watch-ი 6-ერის მესამე ტურის მატჩებს ეხმაურება და არბიტრების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს აფასებს.

რუბრიკის მთავარი გმირი ვეტერანი არბიტრი და მსოფლიო რაგბის ლეგენდა - ნაიჯელ ოუენსია, რომელიც მსაჯების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს არჩევს.

6-ერის მე-3 ტურის ეგიდით გამართულ შეხვედრაში, საფრანგეთისა და შოტლანდიის დაპირისპირება შედგა. "სტად დე ფრანსზე" გამართულ მატჩს ქართველი არბიტრი - ნიკა ამაშუკელი უძღვებოდა, რომელმაც მატჩის სტარტზე ჯერ შოტლანდიელი, ხოლო რამდენიმე წუთში ფრანგი მორაგბე პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა.

აღნიშნულ დაპირისპირებაში, ამაშუკელ ურთულეს გამოწვევებთან მოუწია გამკლავება და დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ საუკეთესო ქართველმა არბიტრმა გამოცდა წარმატებით ჩააბარა.

ნაიჯელ ოუენსმა აღნიშნა, რომ ქართველმა არბიტრმა ორივე შემთხვევაში მართებული გადაწყვეტილება მიიღო და გრანტ გილკრისტი ისევე, როგორც მოჰამედ აუა გაძევებას იმსახურებდნენ.

"დავიწყოთ შოტლანდიელი გრანტ გილკრისტის გაძევებით. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ეს აშკარა წითელი ბარათი იყო. გილკრისტმა ძალიან უხეში დარტყმა განახორციელა. ბოჭვის მომენტში ვხედავთ, რომ ის მუდამ მაღლაა - არ ცდილობს დაიხაროს და მოწინაღმდეგეს ხელები მოხვიოს. წელში გამართული გილკრისტი მეტოქეს თავის არეში მხრით ეჯახება. ეს პირდაპირი წითელი ბარათია. მომხდარში დამნაშავე, რა თქმა უნდა, მბოჭავია (გრანტ გილკრისტი). მის მიერ შესრულებული ბოჭვა საფრთხის შემცველი იყო. არბიტრებმა ერთობლივი და სწორი გადაწყვეტილება მიიღეს.

მოჰამედ აუას გაძევება - ვფიქრობ ამ შემთხვევაშიც პირდაპირ წითელ ბარათთან გვქონდა საქმე. ნათლად დავინახეთ კონტაქტი თავის არეში. რაქში თამაშის დროს, აუამ განსაკუთრებული უხეშობა გამოავლინა და ჩემთვის განსაკუთრებით აღსანიშნავია იმის ხილვა, რომ ასისტენტები და ვიდეო რეფერი მთავარ არბიტრს აქტიურად დაეხმარნენ. მათ ამაშუკელთან ერთად სხვადასხვა რაკურსით გაარჩიეს ეპიზოდი, რომელშიც აშკარად იყო სახიფათო ბოჭვა და კონტაქტი თავი არეში. თავდაპირველად ამაშუკელი შესაძლოა ყვითელი ბარათის ჩვენებას ფიქრობდა, მაგრამ კოლეგების დახმარებით წითელი ბარათის ჩვენება გადაწყვიტა", - ნაიჯელ ოუენსი.

სხვა სტატიები