Belive

ბორჯღალოსნების შემადგენლობა ფიჯის წინააღმდეგ და მორაგბეების კომენტარები

4 წლის წინ რაგბი
2 წთ
რამდენიმე წუთის წინ იაპონიის ქალაქ ოსაკაში, ბორჯღალოსანთა თავკაცის - მილტონ ჰეიგის პრესკონფერენცია შედგა, სადაც მან ფიჯის ნაკრებისთვის საბრძოლო რაზმი დაასახელა. Live.ge იაპონიაში იმყოფება, შესაბამისად ამ პრესკონფერენციას დავესწარით. პრესკონფერენციას დავით კაჭარავა, მერაბ შარიქაძე, კოკი თხილაიშვილი და მილტონ ჰეიგი დაესწრნენ და მათ ფიჯისთან მოახლოებულ,  მეტად მნიშვნელოვან დაპირისპირებაზე ისაუბრეს. გთავაზობთ მათ კომენტარებს - მერაბ შარიქაძე: „ჯობდა ტრავმა საერთოდ არ მქონოდა, თუმცა რას ვიზავთ ასე მოხდა. ახლა თავს კარგად ვგრძნობ და შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ მოედანზე მაქსიმალურად დავიხარჯები, რადგან გავიმარჯვოთ.“ მილტონ ჰეიგი: "შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ოპტიმალური გუნდი დავაყენეთ. ჩვენ განხილული გვაქვს ფიჯის ყველა მატჩი, ვიცით, რომ ფიჯის უძლიერესი უკანა ხაზი ჰყავთ, თუმცა ჩვენი უკანა ხაზიც კარგად გამოიყურება, ასე რომ მოედანზე კარგი ბრძოლა იქნება." კოკი თხილაიშვილი: „მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავდივართ. აქამდე მსოფლიო თასების ისტორიაში ჩვენთვის ყველაზე დიდი გამარჯვება ტონგას წინააღმდეგ იყო, ახლა თუ ფიჯის დავამარცხებთ, ეს მოგება ყველაფერს გადაფარავს. მიყვარს კუნძულელებთან თამაში, კარგად გამომდის კიდევაც, ტონგასთან გამარჯვების ლელო მე დავდე და ახლაც მაქსიმალურად დავიხარჯები იმისთვის, რომ საქართველოს ნაკრებს გამარჯვება მოვუტანოთ.“ დავით კაჭარავა: „ფიჯი ინდივიდუალურად ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრებია, ჩვენ მათი თითოეული მატჩი განვიხილეთ და 100%-ით მზად ვართ მათთან შესარკინებლად. ჩემი აზრით ეს მატჩი ჩვენთვის დადებითად დასრულდება. ფიჯისთან ნათამაშები გვაქვს, ვიცით მათი შესაძლებლობები, მათ ნაკლები დრო უნდა მივცეთ და ხაზი მაქსიმალურად კარგად უნდა ავწიოთ, რადგან შეცდომები დავაშვებინოთ.“ შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ფიჯის დაპირისპირება 3 ოქტომბერს, თბილისის დროით 09:15 საათზე ოსაკაში შედგება.

სხვა სტატიები