Belive

ბორჯღალოსნები | მსოფლიოსთვის მზადების მეორე ეტაპი დასრულდა

9 თვის წინ რაგბი
1 წთ

ბორჯღალოსნებმა 2023 წლის მსოფლიო თასისთვის მზადების მეორე ეტაპი დაასრულეს. ერთკვირიანი შესვენების წინ, გუნდმა "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე გულშემატკივრისთვის ღია ვარჯიში გამართა.

ინტენსიური ვარჯიში, რომელიც მართვად ორმხრივ თამაშსაც მოიცავდა თითქმის ორ საათს გაგრძელდა. ზაფხულის პაპანაქების მიუხედავად, მორაგბეები მაღალ ტემპში ირჯებოდნენ და სხვადასხვა სტატიკური სიტუაციებიდან კომბინაციებს რეალური წინააღმდეგობის ფონზე ხვეწდნენ.

გუნდთან ერთად არ უვარჯიშიათ თედო აბჟანდაძეს და ბექა გორგაძეს, რომლებსაც მცირე დაზიანებები აქვთ, თუმცა ისინი ინდივიდუალური პროგრამით აგრძელებენ მზადებას. გახურებისას დაშავდა დემე თაფლაძე და მისი დაზიანების სიმძიმე მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ვარჯიშის დასრულების შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და მორაგბეებმა განვლილ პერიოდზე და გასახურებელ მატჩებზე ისაუბრეს, რომლებსაც ბორჯღალოსნები 12 და 19 აგვისტოს თბილისში, "მიხეილ მესხზე" რუმინეთთან და აშშ-სთან, ხოლო 26 აგვისტოს შოტლანდიასთან ედინბურგში გამართავენ.

მზადების მეექვსე კვირა დავასრულეთ და ჯერჯერობით ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. თავს არავინ ზოგავს და ინტენსიური, აქტიური ვარჯიშები გვაქვს. ერთადერთი, რაც ხელს გვიშლის წვრილ-წვრილი ტრავმებია. ბექა გორგაძისა და თედო აბჟანდაძის გარდა, დაზიანება მიიღო დემე თაფლაძემ, რომლის მდგომარეობას უახლოეს პერიოდში გავიგებთ. შემდეგი კვირიდან სრული დატვირთვით შემოგვიერთდება ბექა გიგაშვილი. სხვა ყველა ლიმიტირებული მორაგბე უკვე მწყობრშია და გუნდთან ერთად ვარჯიშობს. -
დაგვემატა სამი მოთამაშე 20-წლამდელთა ნაკრებიდან, რომლიდან ორი გამოძახებულთა შორის თავიდანვე იყო. ჩვენ მათ კარგად ვიცნობთ, ეროვნული და 20-წლამდელთა ნაკრები ერთი სისტემით ვარჯიშობს და ჩართულობის მხრივ პრობლემა არ შეგვქმნია. ახლა ერთი კვირა დავისვენებთ და მომავალი კვირიდან უშუალოდ გასახურებელი მატჩებისთვის დავიწყებთ მზადებას. მოთამაშეები, სამწვრთნელო შტაბი, რაგბის კავშირი, მაქსიმუმს აკეთებს, რათა მსოფლიო თასისთვის კარგად მოვემზადოთ და გასახურებელ თამაშებზე ძალიან დაგვჭირდება გულშემატკივრის თანადგომა, რაც ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. - ლევან მაისაშვილი

წყარო: rugby.ge

სხვა სტატიები