Belive

არგენტინამ ავსტრალია სტუმრად დაამარცხა

5 წლის წინ რაგბი
3 წთ
4 ერის მეოთხე ტურის მატჩში, ავსტრალიამ არგენტინას უმასპინძლა და შინ დამარცხდა. "პუმებმა" ავსტრალიაში 35 წლის შემდეგ პირველად გაიმარჯვეს. მატჩში ანგარიში არგენტინელებმა გახსნეს. მე-5 წუთზე ჯარიმა "პუმების" მე-15 ნომერმა ემილიანო ბოფელიმ გახსნა (0:3).  მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში, ავსტრალიელები დომინირებდნენ და დიდ  სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ. სწორედ ამ სათამაშო უპირატესობას მე-11 წუთზე ავსტრალიელთა 9 ნომრის ვილ გენიას ლელო მოჰყვა, რომელიც მატ ტოომუამ გარდასახა და ავსტრალია დაწინაურდა (7:3). მასპინძელთა ლელოდან ზუსტად 4 წუთში, სტუმრებმაც იყოჩაღეს და მგეზავმა ნიკოლას სანჩესმა მასპინძლები დაალელოვა. მან საკუთარ ლელოს გარდასახვაც მიაყოლა და "პუმები" წინ გაიყვანა (7:10). მატჩი ძალიან მაღალ ტემპში მიმდინარეობდა და "არგენტინის" ნაკრების წინააღმდეგ, თავისი სიტყვა ისრაელ ფოლაუმაც თქვა. ავსტრალიელთა საუკეთესო მელელოვემ, კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი და მატჩის მე-19 წუთზე არგენტინა დაალელოვა. მატ ტოომუამ, კიდევ ერთხელ გარდასახა და "ვოლაბები" ისევ დააწინაურა (14:10). ამის შემდეგ, დიდი ხანი საინტერესო არაფერი არ მომხდარა. მატჩი 36 წუთზე ისევ გამოცოცხლდა, როდესაც "პუმებმა" მეორედ დაალელოვეს ავსტრალიელები. ლელოს ავტორი ფრთის მოთამაშე ბაუტისტა დელგი გახდა. ნიკოლას სანჩესმა გარდასახა და პირველი ნახევარი სტუმრებს მოაგებინა (14:17). საკმაოდ დაბალშედეგიანი, მაგრამ დაძაბული გამოდგა მატჩის მეორე ნახევარი. მეორე ტაიმშიც, პირველის მსგავსად სტუმრები დაწინაურდნენ. ისევ და ისევ ნიკოლას სანჩესი, რომელმაც 48-ე წუთზე ჯარიმა გაიტანა და საკუთარი გუნდი 6 ქულით წინ გაიყვანა (14:20). ავსტრალიელებმა მთელი ძალებით შეუტიეს და 55-ე წუთზე ლელოს გატანაც მოახერხეს. ლელოს ავტორი 15 ნომერი დეინ ჰეილეტ-პეტია. დამრტყმელი მატ ტოომუა 50-ე წუთზე შეცვალეს, ამიტომ გარდასახვა მის მაგივრად შემოსულმა ბერნარდ ფოულიმ დაარტყა, თუმცა არაზუსტად (19:20). მატჩის უკანასკნელ წუთებში, თამაში გახურდა და საოცარი ბრძოლა გაჩაღდა. ავსტრალიელებმა საკუთარ ნახევარზე მიაჯაჭვეს "პუმები", თუმცა სტუმრები პატარ-პატარა შეტევებს ქმნიდნენ. ერთი ასეთი შეტევის დროს, "ვოლაბები" დაჯარიმდნენ და სტუმართა კაპიტანმა მსაჯს კარისკენ მიუთითა. 77-ე წუთზე არგენტინელები 4 ქულით ემილიანო ბოფელიმ დააწინაურა, რომელმაც ჯარიმის გატანა შეძლო (19:23). "ვოლაბებმა" ვერაფერი ვეღარ მოიმოქმედეს და მატჩი დათმეს.

სხვა სტატიები