Belive

"5 მატჩი გველის და ხუთივე მაღალი ხარისხის შეხვედრა იქნება" - ლევან მაისაშვილი

1 წლის წინ რაგბი
2 წთ

ქართული ფრენჩაიზი ‘შავი ლომი’ სამხრეთ ამერიკული ტურნესთვის მზადებას შევარდენის სარაგბო ბაზაზე განაგრძობს.  სამხრეთ ამერიკული ტურნე 2023 წლის მსოფლიო თასისთვის მზადების ნაწილია. ჩვენი გუნდი აპრილსა და მაისის დასაწყისში ამერიკის სუპერ ლიგის მონაწილეებთან კონკურს გარეშე ხუთ შეხვედრას გამართავს, ანუ არ ჩაერთვება ტურნირში და არ იბრძოლებს თასის მოსაპოვებლად.

მოახლოებულ შეხვედრებსა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს მოთამაშეებმა და გუნდის მთავარმა მწვრთნელმაც.

"ეს ტურნირი დიდი ხანია იგეგმებოდა და ჩვენთვის დიდ მნიშვნელობას იძენს. "შავი ლომის" იმ მოთამაშეებს, რომლებიც ნაკრებში არიან მაღალ დონეზე თამაშის საშუალება მიეცემათ.

ვეთამაშებით ფაქტობრივად ჩილეს, ურუგვაისა და არგენტინის ეროვნულ ნაკრებებს. ამ გუნდების 80-90% ნაკრების წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული. 5 თამაში გვექნება და ხუთივე იქნება მაღალი ხარისხის შეხვედრა." - განაცხადა ლევან მაისაშვილმა.

მოახლოებულ შეხვედრებზე ისაუბრა შალვა მამუკელაშვილმაც:

"სამხრეთ ამერიკული ტურნეს მიზანი არის, რომ გუნდი იმყოფებოდეს ფორმაში. ის ნაკრების მოთამაშეები, რომლებიც იმყოფებიან "შავ ლომში" მაღალ დონეზე სათამაშო წუთებს დააგროვებენ. საკმაოდ მაღალი დონის გუნდებს ვეთამაშებით, სადაც სამხრეთ ამერიკული ნაკრებების მოთამაშეების 80-90% არის თავმოყრილი. ეს ყველაფერი კი, მათ ხარისხზე მეტყველებს."

სამხრეთ ამერიკული ტურნეს მნიშვნელობაზე ისაუბრა გუნდის კაპიტანმა მერაბ შარიქაძემაც:

"გუნდები, რომლებსაც ჩვენ ვეთამაშებით საკმაოდ სწრაფი რაგბის მიმდევარნი არიან. ვფიქრობ, ეს ტურნირი "შავ ლომს" ძალიან წაადგება. მორაგბისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია სათამაშო პრაქტიკის ქონა და აღნიშნული ტურნირი საშუალებას გვაძლევს, რომ ხარისხიანი სათამაშო პრაქტიკა გვქონდეს."

‘შავი ლომის’ სამხრეთ ამერიკული ტურნეს განრიგი

9 აპრილი. მონტევიდეო. „შარუა“

შავი ლომი (საქართველო) – დოგოს XV (არგენტინა)

14 აპრილი. მონტევიდეო. „შარუა“

შავი ლომი (საქართველო) – სელკნემ (ჩილე)

21 აპრილი. ბუენოს აირესი. „კასა პუმას“

შავი ლომი (საქართველო) – პამპას (არგენტინა)

28 აპრილი. მონტევიდეო. „შარუა“

შავი ლომი (საქართველო) – Sudamerica Rugby XV

6 მაისი. მონტევიდეო. „შარუა“

შავი ლომი (საქართველო) – პენაროლ (ურუგვაი)

სხვა სტატიები