Belive

20-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა - ბორჯღალოსნები რეიტინგში დაქვეითდნენ

2 წლის წინ რაგბი
6 წთ
2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრაში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდა. "მიხეილ მესხის" სტადიონზე გამართული მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ფრე 25:25 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ მატჩის მიწურულს "ბორჯღალოსნებს" ლელოს დადებისა და მატჩის მოგების საკმაოდ კარგი შანსი ჰქონდათ, თუმცა პორტუგალიელები დაცვაში გვარიანად გაისარჯნენ. პორტუგალიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვნად პროგრესირებს - პროგრესს ის ფაქტიც უსვამს ხაზს, რომ გასული წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე, პორტუგალიამ რუსეთი სტუმრად სოლიდური სხვაობით დაამარცხა (26:49). საერთაშორისო ტესტებზე პორტუგალიამ კანადა 20:17 დაამარცხა - იაპონიასთან კი შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი მედგარ ბრძოლაში იყო, თუმცა საბოლოოდ მაინც გატყდა და 25:38 დამარცხდა. საქართველოსთან სტუმრად ფრედ დასრულებული მატჩი, პორტუგალიისათვის მოგების ტოლფასია - ჩვენთვის აღნიშნული ფრე მარცხთან ასოცირდება. ობიექტურობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ "ბორჯღალოსნები" პორტუგალიასთან მატჩს შესუსტებული შემადგენლობით შეხვდნენ - კორონავირუსისა და ტრავმების გამო, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს 11 მოთამაშე აკლდა. დანაკლისი განსაკუთრებით თვალსაჩინო აღმოჩნდა ჰუკერის პოზიციაზე, რის გამოც მატჩში ჩვენი დერეფნების აბსოლუტური უმრავლესობა დავთმეთ.
"სამწუხაროდ, ამ თამაშისთვის ვერ შევძელით თავიანთ პოზიციებზე პირველი ნომრების ჩამოყვანა. ჯამში 11 ასეთი მოთამაშე მოვისაკლისეთ და ამის ძირითადი მიზეზი კოვიდი იყო. რაც ყველაზე ცუდია, მთელი კვირის განმავლობაში, პრაქტიკულად ყოველ დღე გვიხდებოდა შემადგენლობის როტაცია. კოვიდი ქონდა შერკინების მწვრთნელსაც და დერეფანსა და შერკინებაში ვერცერთხელ შევძელით სრულყოფილი ვარჯიშის ჩატარება. გამოძახებული სამი ძირითადი კვაჭიდან, სამივე ამ მიზეზით გამოგვაკლდა. ამან დიდი გავლენა იქონია და 8 თუ 9 ჩვენი დერეფანი წავაგეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ბურთი პრაქტიკულად არ გვქონია. რამდენიმე მოთამაშემ წნეხს ვერ გაუძლო და საბოლოოდ ასეთი სურათი მივიღეთ", - აღნიშნა ლევან მაისაშვილმა მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. 
პორტუგალიასთან ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ, "ბორჯღალოსანთან" 20-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა. 2017 წლის რაგბის ევროპის ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში, რუმინეთმა საქართველო 8:7 დაამარცხა - მას შემდეგ, "ბორჯღალოსნებმა ზედიზედ 20 მატჩი მოიგეს. ეს მესამე ფრეა, რომელიც საქართველოსა და პორტუგალიას შორის გამართულ 23 შეხვედრაში დაფიქსირდა – 2006 წელს, ლისაბონში გამართული მატჩი 11:11 დასრულდა, 2009 წელს კი თბილისში 20:20 დაფიქსირდა. პორტუგალიასთან ფრედ დასრულებული მატჩი რეიტინგზეც უარყოფითად აისახა. 8 თებერვალს განახლებულ რეიტინგში, "ბორჯღალოსნები" 1 პოზიციით დაქვეითდნენ და 72.72 ქულით მე-13 პოზიციას იკავებენ. პორტუგალიამ გვარიანად იხეირა და ერთბაშად 3 პოზიციით დაწინაურდა.
Untitled

პორტუგალიასთან ფრედ დასრულებული მატჩი რა თქმა უნდა სამწუხაროა, თუმცა სარაგბო სამყაროში მართალია ხშირად არა, მაგრამ მსგავსი სენსაციები მაინც ხდება. მთავარია, რომ ანალიზის შედეგად სწორი დასკვნები გაკეთდეს და საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები სწორი მიმართულებით განვითარდეს. "შეცდომებზე ვსწავლობთ და დიდი იმედი მაქვს მთელი გუნდი სწორ ანალიზს გავაკეთებთ" - მაისაშვილის ამ განცხადების საპირწონედ, 12 თებერვალს ნიდერლანდებთან გასამართი მატჩი არ გამოდგება, მაგრამ საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს წინ არაერთი პრინციპული მატჩი ელის, რომელშიც გამოჩნდება, რამდენად ვისწავლით შეცდომებზე და რამდენად სწორ ანალიზს გავაკეთებთ. შეგახსენებთ, 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრაში, ნიდერლანდები საქართველოს დაუპირისპირდება. "ბორჯღალოსანთა" მთავარმა მწვრთნელმა - ლევან მაისაშვილმა ნიდერლანდებში გასამგზავრებლად გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. შალვა მამუკაშვილი, ჯაბა ბრეგვაძე, გიორგი ჭყოიძე, გიორგი ცუცქირიძე და ლუკა ივანიშვილი საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს დაუბრუნდნენ.

გაფართოებული შემადგენლობა ნიდერლანდებთან შერკინება ბურჯები: გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, 26 კეპი, 10 ქულა), მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, 68 კეპი, 10 ქულა), ნიკა აბულაძე (შავი ლომი, უკეპო), ლუკა ჯაფარიძე (ბრივი, 4 კეპი), ნიკოლოზ ხატიაშვილი (შავი ლომი, 6 კეპი), გურამ პაპიძე (ლა როშელი, უკეპო); კვაჭები: შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი, 85 კეპი, 55 ქულა), ჯაბა ბრეგვაძე (აჟენი, 67 კეპი, 25 ქულა), გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივ-პენზა, 19 კეპი, 5 ქულა); მეორე ხაზი: ლაშა ჯაიანი (შავი ლომი, 13 კეპი), ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი, 34 კეპი), გრიგორ ქერდიყოშვილი (აჟენი, 8 კეპი, 10 ქულა), გიორგი ჯავახია (ორიაკი, 7 კეპი, 5 ქულა); მესამე ხაზი: გიორგი ცუცქირიძე (ორიაკი, 23 კეპი, 15 ქულა), თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, 13 კეპი, 15 ქულა), ოთარ გიორგაძე (ბრივი, 30 კეპი, 25 ქულა), ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი, უკეპო), სანდრო მამამთავრიშვილი (შავი ლომი, 1 კეპი); ხაზი ღერძი: ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 61 კეპი, 55 ქულა), გელა აფრასიძე (მონპელიე, 36 კეპი, 24 ქულა), მიხეილ ალანია (ორიაკი, 6 კეპი), თედო აბჟანდაძე (ბრივი, 29 კეპი, 198 ქულა), გიორგი ბაბუნაშვილი (შავი ლომი, 4 კეპი, 9 ქულა), ლუკა მატკავა (უკეპო); ცენტრები, ფრთები და 15: მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, 81 კეპი, 60 ქულა), აკა ტაბუცაძე (შავი ლომი, 16 კეპი, 65 ქულა), დემე თაფლაძე (შავი ლომი, 13 კეპი, 5 ქულა), ლაშა ლომიძე (შავი ლომი, 2 კეპი), მირიან მოდებაძე (შავი ლომი, 17 კეპი, 35 ქულა), თორნიკე კახოიძე (ლელო, უკეპო), დავით მესხი (ენისეი, 1 კეპი), ლაშა ხმალაძე (შავი ლომი, 89 კეპი, 53 ქულა). ფოტო: საქართველოს რაგბის კავშირი

სხვა სტატიები