Belive

ვლადიმირ ვაისი: "ჩვენი გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი კანკავაა - ყველამ მას უნდა მიბაძოს, თორემ წავაგებთ"

7 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

სლოვაკეთის ჩემპიონატის მეექვსე ტურში, ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი, ბრატისლავის "სლოვანი" ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ერთ-ერთ მთავარ კონკურენტთან, "დუნაისკა სტრედასთან" - 1:3 დამარცხდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, მოქმედი ჩემპიონის ამჟამინდელმა და საქართველოს ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა კომენტარი გააკეთა. გამოცდილი სპეციალისტი გუნდის თამაშით უკმაყოფილო იყო, დადებით კონტექსტში კი მხოლოდ ეროვნული გუნდის ყოფილ კაპიტანზე, ჯაბა კანკავაზე ისაუბრა.

"ვფიქრობ, ეს ჩემპიონატის შესანიშნავი მატჩი იყო, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენთვის კარგად არ დასრულდა. არ შეიძლება ბედნიერი იყო, როცა აგებ, "დუნაისკა სტრედამ" კი დამსახურებულად გაიმარჯვა.

დაცვაში შეცდომები დავუშვით, შეტევაში კი ეფექტიანობა დაგვაკლდა. უკეთ თამაში და უფრო მეტი ხიფათის შექმნა გვმართებს.

გოლები შეცდომების შედეგად გავუშვით. თუმცა, ლიგა პრაქტიკულად ახლახანს დაიწყო და მათი გაანალიზებისა და აღმოფხვრისთვის დრო გვაქვს.

მომწონს ეს კლუბი და აქაური ატმოსფერო, მაგრამ თუ სიტუაციის შეცვლას ვერ შევძლებ, მაშინ წასვლაც მომიწევს. ამ ყველაფრის მოგვარებისთვის კი ევროპის კონფერენს ლიგაზე კარგი შანსი გვაქვს.

სახელების და გვარების ჩამოთვლას არ ვაპირებ, მაგრამ შეცდომებს ყველა უშვებს და თავდაჯერება გვაკლია. ნორმალური არაა ის გარემოება, რომ ჩვენი საუკეთესო ფეხბურთელი 37 წლის ჯაბა კანკავაა. ის მოედანზე მთელს ემოციასა და გულს დებს. მას გამოვყოფ, რადგან ის ამას იმსახურებს, წარმოუდგენელია იმის შეფასება თუ რამდენად იბრძვის ის კლუბისა და ჩემთვის, თუმცა თუ დანარჩენი გუნდი მას არ მიბაძავს, მაშინ აუცილებლად წავაგებთ", - თქვა ვლადიმირ ვაისმა.

ბრატისლავის "სლოვანს" ჩემპიონატში 6 მატჩის შემდეგ 8 ქულა აქვს დაგროვებული და მეექვსე პოზიციას იკავებს, შემდეგ შეხვედრას კი გუნდი 24 სექტემბერს, სტუმრად, "რუჟემბეროკის" წინააღმდეგ გამართავს. მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა ეროვნული ნაკრების პლატფორმის მეშვეობით იქნება შესაძლებელი. რაც შეეხება ევროპულ შეჯიბრებას, კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გამოსვლას ჯაბა კანკავასა და გურამ კაშიას გუნდი 21 სექტემბერს, "კლაკსვიკთან" მატჩით დაიწყებს.

სხვა სტატიები