Belive

ვერცხლი და ბრინჯაო | შედეგები ტოკიოს გრანდ სლემიდან

4 თვის წინ ქართული სპორტი
4 წთ

ტოკიოში ძიგარო კანოს პირველ საშეჯიბრო დღეს ქართველებმა ორი მედლის მოპოვება შეძლეს, დასკვნითი დღე კი - ჩვენი გუნდისთვის მედლის გარეშე დასრულდა.

90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვერცხლისმედალოსანი ლუკა მაისურაძე გახდა, რომელიც ფინალში იაპონელ სანშირო მურაოსთან დამარცხდა. შეხვედრა მასპინძელმა, დამატებით დროში, იპონით მოიგო.

73 კილოგრამში ბრინჯაოს მედალი გიორგი ტერაშვილმა მოიპოვა, მან მესამე ადგილისთვის ბრძოლაში კორეელი ინკიულ ლი ვაზარით დაამარცხა.

57 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს შანსი ჰქონდა ეთერ ლიპარტელიანს, თუმცა გადამწყვეტი შეხვედრა ტაივანელ ჩენ ლინ ლიენთან დათმო.

პირველი დღის შედეგები ასე გამოიყურება :

57კგ
1. ქრისტა დეგუჩი (კანადა)
2. ჯესიკა ლიმა (ბრაზილია)
3. ჩენ-ლინ ლიენი (ტაივანი)
3. ჯესიკა კლიმკაიტი (კანადა)

73კგ
1. ჰიდაიატ ჰეიდაროვი (აზერბაიჯანი)
2. სოიჩი ჰაშიმოტო (იაპონია)
3. გიორგი ტერაშვილი (საქართველო)
3. მანუელ ლომბარდო (იტალია)

81 კგ
1. ჯუნჰვან ლი (კორეა)
2. მატიას კასე (ბელგია)
3. ზელიმ ცკაევი (აზერბაიჯანი)
3. დავიდ კარაპეტიანი (ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია, რუსეთი)

90 კგ
1. სანშირო მურაო (იაპონია) 
2. ლუკა მაისურაძე (საქართველო)
3. მიხაილ იგოლნიკოვი (ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია, რუსეთი)
3. კრისტიან პარლატი (იტალია)


შეჯიბრების დასკვნით დღეს ტატამზე (48-52-63-78 კგ) წონითი კატეგორიების ქალები და (60-66-100 და +100 კგ) წონითი კატეგორიების კაცები გამოდიოდნენ.

+100 კგ წონაში ლევან მატიაშვილმა მეორე რაუნდში მაროკოელი მოჰამედ ლაჰბუბი იპონით დაამარცხა, მესამე რაუნდში კი კუბელი - ენდი გრანდა. ამის შემდეგ ლევან მატიაშვილმა იაპონელ იო ფუძიმოტო იპონით დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით მოჭიდავე ტამერლან ბაშაევთან ვერაფერი გააწყო.

60 კგ წონაში ლუხუმ ჩხვიმიანმა პირველ რაუნდში უკრაინელი არტიომ ლესიუკი დაამარცხა ვაზარით, მეორე რაუნდში ლაოსელ სუკფახაი სითისანე იპონით დაამარცხა, მესამე რაუნდში მეტოქეს, ფრანგ სედრიკ რევოლს ოქროს დროის მე-9 წუთზე თავით ტატამზე დაშვების გამო იპონით წაგება ჩაუთვალეს, ნახევარფინალში გასასვლელად ლუხუმ ჩხვიმიანი იაპონელ რუიჯი ნაგაიამას შეხვდა და დამარცხდა, ამიტომ რეპეშაჟში გადაინაცვლა და აქ კორეელ კიმთან დათმო.

60 კგ წონაში გიორგი სარდალაშვილმა მეორე რაუნდში იპონით მოუგო ვიეტნამელ ჩუ დიკ დატს, მესამე რაუნდში კი იპონით დამარცხდა იაპონელ ტაიკი ნაკამურასთან

63კგ წონით კატეგორიაში ეთერ ასკილაშვილი ვაზარით დამარცხდა სლოვენიელ ანდრეა ლესკისთან.

66 კგ წონაში ვაჟა მარგველაშვილმა მეორე რაუნდში ბულგარელ იანისლან გერჩევს ვაზარით მოუგო, მესამე რაუნდში ფრანგ დაიკი ბოუბასთან ოქროს დროში იპონით დამარცხდა.

ამავე წონაში თენგო ზირაქიშვილმა პირველ რაუნდში იპონით წააგო კორეელ ჩანიონ კიმთან.

100კგ წონაში ვარლამ ლიპარტელიანმა პირველ რაუნდში იპონით წააგო იაპონელ კოტარო უეოკასთან.

100 კგ წონაში პირველ რაუნდში წააგო შეხვედრა გიორგი ბერიაშვილმა. მას იაპონელმა აარონ ვოლფმა იპონით მოუგო.

+100 კგ წონაში შალვა გურეშიძემ მეორე რაუნდში ვენესუელელ ლუის ამესკიტა 5 წამში იპონით დაამარცხა, მესამე რაუნდში კი მონღოლ ოდხუსთან ვაზარით დამარცხდა.

საერთო ჯამში, საქართველოს იაპონიიდან 2 - ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოაქვს.

სხვა სტატიები