U20 | საქართველო 20-წლამდელთა რაგბის მსოფლიო თასს უმასპინძლებს
4 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველო 20-წლამდელთა რაგბის მსოფლიო თასის მომავალი მასპინძელია. საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, 2026 წლის ახალგაზრდული რაგბის მსოფლიო თასი საქართველოში გაიმართება.
უკვე მეორედ ვმასპინძლობთ 20-წლამდელთა ჩემპიონატს, რაც არა მხოლოდ ქართული რაგბის განვითარებისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანი ამბავია. ტურნირის ფორმატი იზრდება და 2026 წელს საქართველოში 12-ის ნაცვლად 16 გუნდი ითამაშებს. გამოწვევას კარგად უნდა გავართვათ თავი და 2017 წლის მსგავსად, ძალიან მაღალი დონის ჩემპიონატი ჩავატაროთ.
ამ ყველაფერში აქტიურადაა ჩართული ქვეყნის ხელისუფლება, რომელიც მხარს გვიჭერს და გვერდში გვიდგას. სწორედ ხელისუფლების დახმარებით გახდა შესაძლებელი ტურნირის მასპინძლობის უფლების მოპოვება, რადგან მათი გარანტიების გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა.
ვფიქრობ, 20-წლამდელთა ჩემპიონატის მასპინძლობა საქართველოში რაგბის განვითარების კუთხით ახალ ტალღას გამოიწვევს და კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა დაინტერესდება რაგბით. დამწყებ მორაგბეებს ექნებათ შესაძლებლობა თავისი თვალით იხილონ თუ როგორ თამაშობენ მსოფლიო რაგბის გრანდები და ამომავალი ვარსკვლავები.
თამაშები გაიმართება როგორც თბილისში, ასევე ქუთაისში და ეს კიდევ უფრო მეტ პოპულარობას მოუტანს ქართულ რაგბს. როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ რაგბის გულშემატკივარს ექნება შესაძლებლობა დაესწრონ თამაშებს და მონაწილეობა მიიღოს ამ დიდ სარაგბო ზეიმში.
კიდევ ერთხელ ვულოცავ მთელს ქვეყანას და რაგბის სამყაროს ამ დიდ მოვლენას. მადლობა როგორც მსოფლიო რაგბს ამ გადაწყვეტილებისთვის, ასევე ჩვენს ხელისუფლებას გვერდში დგომისთვის. მადლობა თითოეულ ადამიანს ვინც ჩართული იყო ამ პროცესში. წინ არის გამოწვევა, რომელსაც მაქსიმალურად კარგად უნდა გავართვათ თავი და მაქსიმალური შედეგი მივიღოთ, როგორც სპორტული, ასევე ოპერაციული, მარკეტინგული და სხვა ნებისმიერი მიმართულებით.
დარწმუნებული ვარ ჩვენი ქვეყნისა და რაგბისათვის ესოდენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მთელი საქართველო ზეიმით შეხვდება. რთულ პერიოდში სპორტი არის მნიშვნელოვანი სფერო, რომელსაც დიდი ერთობის და სიხარულის მოტანა შეუძლია, მით უმეტეს, რომ საქართველოში სპორტი პრიორიტეტად არის დასახელებული და ასეთი დიდი ტურნირის მასპინძლობა ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. - დავით კაჭარავა.
აღსანიშნავია, რომ ეს არის მეორე შემთხვევა, როდესაც საქართველო 20-წლამდელთა მსოფლიო თასს უმასპინძლებს. საქართველოში ტურნირი პირველად 2017 წელს ჩატარდა და მსოფლიო რაგბის მხრიდან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.