U16 | საქართველოს 29-ქულიანი გამარჯვება და დამაჯერებელი სტარტი B დივიზიონში
რუმინეთის ქალაქ პიტეშტში სტარტი აიღო 16-წლამდე კალათბურთელთა შორის ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონმა. საქართველოს ნაკრები ტურნირში მეორე დღეს ჩაერთო - ჩვენი გუნდის მეტოქე ბოსნია-ჰერცეგოვინა გახლდათ. ბოსნიელები ტურნირის გახსნით მატჩში ისლანდიასთან 62:73 დამარცხდნენ და კარგი დღე არც დღევანდელ მატჩში დაადგათ. ქართველებმა მეტოქეს ოთხივე პერიოდი მოუგეს და საბოლოოდ 29-ქულიანი სხვაობით 90:61 გაიმარჯვეს.
ნიკოლოზ ცინცაძის გუნდში საუკეთესო შედეგი ავთანდილ ბახტაძეს ჰქონდა, 15 წლის კალათბურთელმა, რომელმაც მიმდინარე წელს 18-წლამდელთა ტურნირშიც მიიღო მონაწილეობა 22 ქულას, 6 მოხსნას, 1 ასისტს, 1 ჩაჭრასა და 2 ბლოკს მოუყარა თავი.
კარგი მატჩი ჩაატარა გიორგი ცაგარეიშვილმაც (15 ქულა, 4 მოხსნა, 3 ასისტი, 2 ჩაჭრა 1 ბლოკი). 10-10 ქულა მოაგროვეს ნიკოლოზ კობაიძემ და გიორგი ნიკოლაევმა.
ჩვენი გუნდი მეორე ტურის მატჩს, 6 აგვისტოს, მასპინძელი რუმინეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.