Belive

#ტოპ11 - ტოჩინოშინის 2019 წელი

4 წლის წინ ქართული სპორტი
10 წთ

ლევან გორგაძე

დაბადების თარიღი: 13 ოქტომბერი 1987 წელი (32 წლის)

სიმაღლე: 191 სმ. 

წონა: 178 კგ.

  ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი, პროფესიონალურ სუმოში ყველაზე დიდი წოდების მქონე, როგორც ქართველი, ასევე ევროპელი სუმოისტია (ანალოგიური შედეგი ორ ევროპელ სუმოისტს - კოტოოშუსა და ბარუტოსაც აქვთ დაფიქსირებული). 32 წლის ქართველი მებრძოლი კასუგანოს სკოლის წარმომადგენელია, მან 2018 წელს სუმოს იერარქიაში რიგით მეორე წოდება - ოძეკის ღირსეული რანგი მოიპოვა. ქართველი სუმოისტისთვის 2018 წელი კარიერაში საუკეთესო გახლდათ, ვინაიდან სწორედ აღნიშნული წლის დასაწყისში, იანვრის ანუ ჰაცუ ბაშოზე მან ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და სუმოს ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაეწერა.
წარმატებული იანვრის შემდეგ ლევანმა მარტის (10-5) და მაისის (13-2) ბაშოებზეც შესანიშნავად იასპარეზა და სუმოს მამებისაგან ოძეკის ტიტულიც დამსახურებულად მიიღო. მარტის ბაშოზე, გამორჩეული ბრძოლა კაკურიუსთან დაპირისპირება გამოდგა, სადაც ტოჩინოშინმა გამოცდილი იოკოძუნას დამარცხება შეძლო. კიდევ უფრო დასამახსოვრებელი გამოდგა მაისის ბაშოს მე-12 დღე, როდესაც ტოჩინოშინმა ლეგენდარული იოკოძუნა, ჰაკუჰო, დრამატულ ორთაბრძოლაში დაამარცხა.
  2019 წელი ქართველი გოლიათისათვის საკმაოდ ცუდად დაიწყო, მან იანვრის ბაშოზე პირველი 4 შეხვედრის წარუმატებლად დასრულების შემდეგ, ტურნირიდან მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო, რაც ავტომატურად იმას ნიშნავდა, რომ მომდევნო ანუ მარტის ბაშოზე, ქართველი სპორტსმენი კადობანში იქნებოდა ჩაყენებული. ამ პერიოდში ქართველი გულშემატკივარი Live.ge-ის მიერ წამოწყებულ ლევან გორგაძის გამამხნევებელ კამპანიას აქტიურად შეუერთდა, კამპანიის სახელიც და მთავარი მიზანიც #გაამხნევეტოჩი გახლდათ, რომელში მონაწილეობასაც ცნობილი სპორტსმენებთან ერთად, ცნობადი სახეებიც იღებდნენ  - ბუნებრივია, ეს ყველაფერი ძალიან დიდი მოტივაცია იყო ჩვენი ოძეკისათვის.
  სამწუხაროდ, იანვრის მსგავსად, წარმატებული ვერც მარტის ბაშო გამოდგა. უარესიც - ლევან გორგაძემ ოძეკის ტიტული დაკარგა. ჰარუ ბაშოს მე-15 ანუ უკანასკნელი დღე, იგივე სენშურაკუ, რომელიც ქართველი მებრძოლისათვის მისი კარიერის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე გახლდათ, უმძიმესი რეალობის მომტანი აღმოჩნდა - ოძეკი ტოჩინოშინი, ოძეკობისათვის მებრძოლ ტაკაკეიშოსთან დამარცხდა და ირიბად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ უკანასკნელმა ლევან გორგაძეს ოძეკის ტიტული გამოგლიჯა და საკუთარ თავს მოარგო. ლევან გორგაძეს კი ისღა რჩებოდა, ესარგებლა ოძეკის პრივილეგიით, რაც შემდეგს გულისხმობს - თუ ოძეკი დაკარგავს ტიტულს, მას მომდევნო ბაშოზე, სადაც ის სეკივაკეს რანგით იასპარეზებს, ეძლევა ტიტულის დაბრუნების ერთი შანსი, რაც სუმოისტის მხრიდან მინიმუმ 10 გამარჯვების მოპოვებას გულისხმობს.
  სანამ მაისის ბაშო დაიწყებოდა, იაპონურ პრესაში აქტიურად იწერებოდა ქართველის შესახებ, მოახერხებდა თუ ვერა ტოჩინოშინი ოძეკის ტიტულის დაბრუნებას, აღნიშნულის შესახებ გულშემატკივართა აზრი ორად იყოფოდა. ტოჩინოშინს მაისის ბაშოზე ფანტასტიკური სტარტი ჰქონდა - ლევან გორგაძე საწყისი 7 დღის განმავლობაში მიჯრით ამარცხებდა მებრძოლებს, სანამ მისთვის ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მეტოქე, ენდო დაუპირისპირდებოდა, რომელიც თავის მხრივ, იაპონელი პუბლიკის გულს სულ უფრო მეტად იგებს. სწორედ მე-8 დღე, ე.წ. ნაკაბი გამოდგა ლევან გორგაძისათვის პირველი მარცხის მომტანი, თუმცა ქართველი სეკიტორი ამ ფაქტს არ გაუტეხავს. მან მომდევნო 2 ორთაბრძოლაც საკუთარ აქტივში მიიწერა (ლევანს მე-9 დღეს ტაკაკეიშოს წინააღმდეგ ავტომატური გამარჯვება ჩაეწერა, ვინაიდან ამ უკანასკნელმა ტურნირიდან მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო). რაც შეეხება ტურნირის უკანასკნელ დღეებს, სწორედ ეს "ფაზა" გახლდათ 2019 წელს ლევან გორგაძისათვის ყველაზე "მხურვალე". მე-11 და მე-12 დღეს აბისა და მეისეისთან განცდილი მარცხის შემდეგ, საკუთარი საჩემპიონო შანსი ტურნირზე მოასპარეზე მე-8 მაეგაშირა ასანოიამამ მიიღო, რომელიც მე-13 დღეს ლევანის მეტოქე გახლდათ - ეს იყო ბრძოლა, რომელმაც 2019 წელს და არამხოლოდ, ყველაზე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია - ეს შეხვედრა გარკვეულწილად წყვეტდა, თუ რომელი სპორტსმენი მოიპოვებდა საჩემპიონო თასს, სუმოს შიმპანები კი შეხვედრის განსჯის დროს შეცდნენ და გამარჯვება იაპონელ მებრძოლ ასანოიამას მიანიჭეს (ტურნირის დასრულების შემდეგ სუმოს ასოციაციამ შეცდომა აღიარა).
  “იაპონიაში, მსაჯის მიერ გამოტანილმა გადაწყვეტილებამ მაყურებელში ემოციები გამოიწვია, რადგან მსაჯს არავინ არ ეთანხმებოდა. რა თქმა უნდა, ყველასთვის რთულად მისაღები იყო ეს გარემოება, თუმცა შემდეგ ბრძოლაში ლევანმა იოკოძუნა კაკურიუს მოუგო და დაამტკიცა რომ ოძეკის ტიტულის ღირსეული მატარებელია”, - განაცხადა ბრძოლის დასრულების შემდეგ იაპონური სუმოს ასოციაციაში მოასპარეზე პირველმა ევროპელმა სუმოისტმა, ლევან ცაგურიამ, იგივე კოკაიმ. ასანოიამასთან არასწორი გადაწყვეტილების ხარჯზე, ლევან გორგაძეს უდიდესი ფსიქოლოგიური წნეხის გადატანა მოუწია, თანაც ურთულეს დროს - მომდევნო დღეს მისი მეტოქე ტურნირზე მოქმედი ერთადერთი იოკოძუნა კაკურიუ გახლდათ. ამასთან ერთად კიდევ ერთი ფაქტორი იყო, რომელიც მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას კიდევ უფრო დიდი წნეხის ქვეშ აყენებდა - დარჩენილი ორი ბრძოლიდან, რომელიც იოკოძუნა კაკურიუსა და ოძეკი ტაკაიასუს წინააღმდეგ უნდა ჩაეტარებინა, თუკი ვერცერთ მათგანს ვერ მოიგებდა ოძეკის ტიტულსაც ვერ დაიბრუნებდა, რადგან ლევანის მოგებათა რიცხვი 9-ზე იყო შეჩერებული, ტიტულის დასაბრუნებლად კი 10 გამარჯვება იყო საჭირო. ამ ყველაფრის ფონზე, ტოჩინოშინმა კიდევ ერთხელ დაუმტკიცა, როგორც იაპონელ, ასევე ქართველ გულშემატკივარს, რომ მისი "შიკონა" (შიკონა - საბრძოლო სახელი, ანუ ტოჩინოშინი) ნამდვილად შეესაბამებოდა რეალობას და მას მართლაც უძლიერესი გული ჰქონდა, მაისის ბაშოს მე-14 საბრძოლო დღეს, ქართველმა სუმოისტმა იოკოძუნა კაკურიუ დაამარცხა და ოძეკის ტიტული დაიბრუნა, ტურნირის გამარჯვებული კი ასანოიამა გახდა, რომელმაც ნამდვილი ბედნიერება მაშინ იგრძნო, როდესაც ჩემპიონობა თავად ლევანმა მიულოცა.
  რაც შეეხება ივლისის ბაშოს, უკვე მეორე წელია ნაგოია ბაშო ტოჩინოშინისათვის მე-6 საბრძოლო დღეს სრულდება - წარუმატებელი 5 დღის შემდეგ ტოჩი ტურნირს მოეხსნა, რაც ავტომატურად იმას ნიშნავდა, რომ სექტემბრის ბაშოს კადობანში შეხვდებოდა. სექტემბრის ანუ აკი ბაშო კიდევ ერთხელ აღმოჩნდა იმ ტკივილის მომტანი, რაც ოძეკობის დაკარგვას სდევს თან, ეს ყველაფერი ლევანმა და მისმა გულშემატკივარმა ერთ წელიწადში ორჯერ განიცადა. სექტემბერში ტოჩინოშინმა დადებითი ბალანსის დაფიქსირება ვერ მოახერხა, მან მხოლოდ 6 შეხვედრა მოიგო და ოძეკის ტიტულს მეორედ გამოემშვიდობა. იმედი იმისა, რომ ლევანი ოძეკის დიდებულ წოდებას აღიდგენდა ისევ მომდევნო ბაშოზე მოპოვებული 10 გამარჯვება გახლდათ, მისი გულშემატკივრები სულ მცირე მაისის ბაშოს შედეგის გამეორებას ელოდნენ. იაპონურ პრესაში რამდენჯერმე დაიწერა, რომ ლევან გორგაძე ბაშოდან ბაშომდე მოსამზადებელ ტურნირზე, იგივე ჯუნგიოზე წარმატებით ასპარეზობდა და მისი შეჩერება საკმაოდ რთული იქნებოდა, თუმცა რეალობა სხვაგვარი აღმოჩნდა. წლის უკანასკნელი ტურნირი 2 მარცხით დაიწყო, ჯერ მეისეისთან, შემდეგ მიოგირიუსთან, რამაც ოძეკის დაბრუნების შანსი საგრძნობლად შეამცირა, თუმცა მომდევნო 2 დღის ბრძოლებში ლევანმა ენდოსა და ტაკარაფუჯის ძლევა მოახერხა. ამ ორი ბრძოლის წარმატებით დასრულების შემდეგ, ოძეკობის დაბრუნების იმედი კვლავ გაჩნდა, მაგრამ სწორედ ტაკარაფუჯის წინააღმდეგ ჩატარებულ ბრძოლაში ლევანს ნეკნი ჩაუტყდა და იმ დღეს, თბილისის დროით საღამო ხანს, შოკისმომგვრელი ინფორმაცია გავრცელდა - ლევან გორგაძე ტურნირიდან მოეხსნა, მხოლოდ 2 მოგებით, რაც იმას ნიშნავს, რომ არამც თუ ოძეკობის დაბრუნება, არამედ მომდევნო ტურნირზე ანუ 2020 წლის იანვრის ბაშოზე ტოჩინოშინი საგრძნობლად დაქვეითდება.  
მიუხედავად იმისა, რომ ქართველმა სპორტსმენმა 2019 წელი ოძეკის წოდებით დაიწყო და 2020-ს რიგითი მაეგაშირას სტატუსით შეხვდება, ქართველ გულშემატკივარს მისი რწმენა და იმედი ისევ ისეთი მყარი აქვს როგორიც აქამდე ჰქონდათ. სუმოში ასეთი ტრადიციაა - როდესაც ტოჩინოშინი კარიერას დაასრულებს მას აუცილებლად ოძეკი ტოჩინოშინის სახელით მოიხსენიებენ - ამ ყველაფერს ქართველმა გულშემატკივარმა საკუთარი ინტერპრეტირება ასე გაუკეთა: "ოძეკი რჩება ოძეკად!". იმედიც და შანსიც საკმაოდ დიდია იმისა, რომ თუ ლევან გორგაძემ მოახერხა სრული დატვირთვით ასპარეზობა და მისთვის დამახასიათებელი სუმოს ჩვენება, 2020 წელს ოძეკობას ოფიციალურადაც დაიბრუნებს, მანამდე კი ისევე როგორც ჩვენს გულებში, ასევე ხმამაღლაც ხშირად გავიმეორებთ, რომ ოძეკი რჩება ოძეკად!      

სხვა სტატიები