Belive

ტიტულოვანი ესპანური გუნდი გიორგი ქოჩორაშვილის დამატებისთვის იბრძვის

3 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველის, გიორგი ქოჩორაშვილის დამატებისთვის ბრძოლაში ხეტაფეს შემდეგ, სევილიაც აქტიურად ჩაერთო.

"პორტუგალიური მედიის ცნობით, სევილია ხეტაფესთან ერთად ქართველი ნახევარმცველის დასამატებლად იბრძვის.

მიუხედავად იმისა, რომ სევილიას ძირითადი აქცენტი თავდამსხმელის დამატებაზეა და კლუბი სოლიდური ფინანსური ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს, მთავარმა მწვრთნელმა ნახევარმცველის დამატებაც მოითხოვა. ნემანია გუდელის წასვლის შემდეგ, კლუბს ცენტრში ძალების გაძლიერება ესაჭიროება. მიუხედავად იმისა, რომ უპირატესობა ესპანელ ფეხბურთელს ენიჭება, მთავარი კრიტერიუმი ესპანურ ფეხბურთთან სიახლოვეა. სწორედ ამიტომ, პორტუგალიური გაზეთის, A Bola-ს ინფორმაციით, სევილიას რადარზე გიორგი ქოჩორაშვილის კანდიდატურა გამოჩნდა.

27 წლის ქართველი ნახევარმცველი სპორტინგში ლევანტედან, 5.5 მილიონ ევროდ, ერთი წლის წინ გადავიდა. ტრანსფერის ღირებულება მას შემდეგ გაიზარდა, რაც ლისაბონურმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირდაპირი კვალიფიკაცია მოიპოვა. თუმცა, კონკურენციის სიმრავლის გამო, ქოჩორაშვილმა გასულ სეზონში ძირითადად მეორეხარისხოვანი როლი შეასრულა, მან 26 მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა მოედანზე 1 000 წუთი არ დაუგროვებია", - წერს პოპულარული ესპანური მედია საშუალება as.

გასულ დღეებში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გიორგი ქოჩორაშვილის ტრანსფერი ხეტაფეში თითქმის გადაწყვეტილი გახლდათ, მაგრამ ახლა ბრძოლაში ტიტულოვანი ანდალუსიური კლუბი ჩაერთო.

გიორგი ქოჩორაშვილმა ლისაბონის სპორტინგში გასული სეზონი გაატარა და 26 მატჩში მონაწილეობის შესაძლებლობა მიიღო, რა დროშიც 2 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

ხოსე ბორდალასის გაწვრთნილმა გუნდმა ლა ლიგაში ერთ-ერთი ისტორიული სეზონი ჩაატარა და მეშვიდე ადგილის დაკავებით კონფერენს ლიგის საგზური გაინაღდა.

ხოსე ბორდალასს ქართველ ფეხბურთელთან მუშაობის გამოცდილება უკვე აქვს. 2021 წელს, ვალენსიაში, გიორგი მამარდაშვილის მთავარ გუნდში დაწინაურება სწორედ გამოცდილი ესპანელი სპეციალისტის დროს მოხდა.

სხვა სტატიები