Belive

თამაზ ბოკერია: "ძალიან ბედნიერები ვართ და იმედია მარტში იგივეს ქართველი გულშემატკივარიც გამოცდის"

2 თვის წინ ქართული სპორტი
9 წთ

აზიის თასის 2023 წლის გათამაშებაში ერთ-ერთი მთავარი სენსაცია ტაჯიკეთის ნაკრები აღმოჩნდა. ჯერ ერთი, ამ ქვეყნის ეროვნულმა გუნდმა კონტინენტის უდიდესი და უმთავრესი სანაკრებო ტურნირის კარი ისტორიაში პირველად შეაღო, შემდეგ კი, ჯგუფური ეტაპისა და მერვედფინალური ეტაპის ბარიერი დაძლია.

ტაჯიკეთის ნაკრები ახლა აზიის თასის მეოთხედფინალში იმყოფება და იორდანიასთან მატჩისთვის ემზადება, ამ წარმატებაში უდიდესი წვლილი კი საქართველოს 21-წლამდელთა და ეროვნული ნაკრებების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, პეტარ სეგრტი და მისი ქართველი ასისტენტები თამაზ ბოკერია და გელა შეყილაძე არიან.

თამაზ ბოკერიას, რომელსაც ქართულ ფეხბურთში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, კატარში მიმდინარე ტურნირზე დავუკავშირდით და მიმდინარე ამბებთან დაკავშირებით ვესაუბრეთ.

ტაჯიკეთის ნაკრებისთვის ისტორიაში უდიდესი წარმატება შექმენით. როგორია ემოციები და განწყობა, გრძნობთ თუ არა საქართველოდან მხარდაჭერას?

პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ქართველ ქომაგს, რომელიც ასეთი დიდი ყურადღებით ადევნებს თვალს აზიის თასს და ტაჯიკეთის ნაკრებს იმის გამო გულშემატკივრობს, რომ აქ მე და გელა შეყილაძე ვმუშაობთ. ჩვენ ერთი-ორად ბედნიერი ვართ, როდესაც ყველა წარმატებული მატჩის შემდეგ საქართველოდან ბევრ მოლოცვას ვიღებთ. მერწმუნეთ, რომ ეს იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სხვა ქვეყნის სამწვრთნელო გუნდში მუშაობა უწევთ, ძალიან დიდი ბედნიერების მომტანია. დიდი იმედი მაქვს, რომ იგივე განცდა და ემოცია ქართველ ქომაგს მარტში დაეუფლება, როცა საქართველოს ნაკრები წარმატებას მიაღწევს და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავა.

როგორი იყო ამ ეტაპამდე მოსასვლელი გზა და რისი დამსახურებაა რეალურად ეს შედეგი?

მინდა გითხრათ, რომ ამ შედეგამდე ჩვენ გეგმაზომიერად მივდიოდით. ჩვენი მუშაობის პირველივე დღიდან ამოცანად აზიის თასზე ჯერ მოხვედრა, შემდეგ კი ჯგუფური ეტაპიდან გასვლას დავისახეთ. პროგრამა მინიმუმი უკვე მიღწეული იყო, რაც ტაჯიკური ფეხბურთისთვის საკმაოდ დიდი წარმატება აღმოჩნდა. თუმცა, ჩვენ ამაზე არ დავკმაყოფილდით, საკმაოდ ძლიერი არაბთა გაერთიანებული საამიროების ნაკრები დავამარცხეთ და მეოთხედფინალში გავედით.

ვფიქრობ, ეს წარმატება ორწლიანი დაუღალავი შრომის დამსახურებაა, დაწყებული სასელექციო სამუშაოთი (ვესწრებოდით თითქმის ყველა შეხვედრას ადგილობრივ ჩემპიონატში), ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელების ინტეგრაციით ეროვნულ გუნდში, სანაკრებო სისტემის მთლიანად შეცვლით, ვგულისხმობ მენეჯმენტის მიმართულებას, რამაც საბოლოო ჯამში ეს შედეგი მოიტანა.

ახლა აზიის 8 საუკეთესო ნაკრებს შორის ვართ და იორდანიის ეროვნულ გუნდს უნდა დავუპირისპირდეთ. ფეხბურთელებს ფსიქოლოგიური წნეხი უკვე მოხსნილი აქვთ და აღნიშნულ მატჩს ძალიან ოპტიმისტურ განწყობაზე ხვდებიან. ასე რომ, ველოდებით 2 თებერვალს და იორდანიის ნაკრებთან შეხვედრას, დიდი იმედი გვაქვს, რომ ნახევარფინალური ეტაპის საგზურს მოვიპოვებთ.

შეიძლება იყოს 1 ადამიანი, თამაშობს ფეხბურთს, ბრბო and ტექსტი გამოსახულება

როცა ეს შემოთავაზება მიიღეთ, რატომ გადაწყვიტეთ დათანხმება და რა ძირითადმა ფაქტორებმა ითამაშა როლი ამ გადაწყვეტილების მიღებაში?

ტაჯიკეთის ნაკრებში პერსპექტივა პეტარმა დაგვანახა, რომელიც საკმაოდ დიდი ხანია აზიის კონტინენტზე მუშაობს და ტაჯიკი ფეხბურთელების შესაძლებლობები კარგად იცის. მას ასევე სჯეროდა იმის, რომ ტაჯიკეთის ნაკრები აზიის თასზე გასვლის შემდეგ, ფინალურ ეტაპზეც კონკურენტუნარიანი ძალა იქნებოდა.

საერთოდ, პეტარს კარგად ვიცნობ და მისი შეხედულებები ზოგადად ფეხბურთის შესახებ, სათამაშო ფილოსოფია, პროფესიონალიზმი და მიდგომა კარგად ვიცოდი. ვიცოდი, რომ ამ კაცს თავისი ფეხბურთის სიყვარულით, პროფესიონალიზმით და იმ შესაძლებლობებით, რომელიც მას, როგორც მთავარ მწვრთნელს გააჩნია, ნორმალური გუნდის ჩამოყალიბება ხელეწიფებოდა.

პირადად მეც დავინახე პერსპექტივა და ჩავთვალე, რომ ჩემი პირადი განვითარებისთვის საფეხბურთო კუთხით ეს შესაძლებლობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ "ლოკომოტივის" დატოვება, რომელიც ჩემთვის დღესაც საკუთარი ოჯახივითაა და რომელთანაც კარგი და დაუვიწყარი ემოციები გამაჩნია, ეს ნაბიჯი გადავდგი. ვფიქრობ, ჩემი საფეხბურთო მომავლისთვის იმ ეტაპზე გადადგმული ნაბიჯი წარმატებული და სწორი იყო. ახლა უკვე სხვა მიზნები და პერსპექტივები მოჩანს.

ვფიქრობ, ამაზე არ გავჩერდებით და პეტარს, თავის სამწვრთნელო გუნდთან ერთად კიდევ უფრო დიდი წარმატების მიღწევა შეუძლია. მინდა, გელა შეყილაძის წვლილიც გამოვყო, რომელიც როგორც საქართველოს, ისე მალდივებისა და ავღანეთის ნაკრებებში პეტარის ასისტენტი იყო. ასე რომ, ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ.

შეიძლება იყოს 2 ადამიანი, (ამერიკული) ფეხბურთის მოთამაშე ადამიანები, ფეხბურთის მოთამაშე ადამიანები and ტექსტი გამოსახულება

როგორია პეტარ სეგრტთან მუშაობის გამოცდილება? რამდენად მნიშვნელოვანია ეს გამოცდილება სამომავლო განვითარებისთვის?

ძალიან სასიამოვნოა მუშაობდე ისეთი მწვრთნელის გვერდით როგორიც პეტარია. ყოველდღიურად ძალიან ბევრ სიახლეს გთავაზობს, როგორც მოედანზე ისე მის გარეთაც. პირველ რიგში მისი ფანატიკური დამოკიდებულება საქმისადმი არის გამოსარჩევი. 24 საათი ჩართულია გუნდის ცხოვრებაში. საკუთარი თავის მიმართ არის ძალიან მომთხოვნი და იგივეს ითხოვს ფეხბურთელებისგან და ჩვენგანაც. ძალიან დიდ გამოცდილებას ვიღებ მასთან მუშაობით, ვფიქრობ რომ ძალიან ცოტა მწვრთნელს მსოფლიოში, შეუძლია ისე დამუხტოს გუნდი, როგორც მას.

მეოთხედფინალური ეტაპის წინ ალბათ წნეხი უკვე მოხსნილია, იქნება თუ არა ეს თქვენთვის უპირატესობა? როგორ ემზადებით იორდანიასთან მატჩისთვის?

რა თქმა უნდა, ჯგუფური ეტაპის დროს არსებული წნეხი უკვე მოხსნილია. მერვედფინალური ეტაპის მატჩის წინ უკვე იგრძნობოდა, რომ ფეხბურთელები თავიანთ მეტოქეს ყოველგვარი წნეხის გარეშე ხვდებოდნენ. მოპოვებულმა გამარჯვებამ მათ თავდაჯერება გაუორმაგა.

მეოთხედფინალში ისინი გაცილებით დამუხტულები და მონდომელები იქნებიან. ამ კუთხით ჩვენ, როგორც სამწვრთნელო გუნდს დამატებითი ჩარევა არ გვჭირდება. ყველას ყველაფერი ძალიან კარგად აქვს გაანალიზებული. იციან, თუ რამხელა შედეგის დადება მოახერხეს და უნდათ, რომ ამაზე არ გაჩერდნენ და თავისი ქომაგი კიდევ უფრო მეტად გაახარონ.

მეოთხედფინალური მატჩისთვის მზადება მერვედფინალური შეხვედრის დასრულებისთანავე დავიწყეთ. ვიცოდით, რომ პოტენციური მეტოქე ან ერაყის ან იორდანიის ნაკრები იქნებოდა.

იორდანიის ნაკრების შესახებ ინფორმაციას აქამდეც ვფლობდით, რადგან ორი თვის წინ, ნოემბერში, ამ გუნდთან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში ვითამაშეთ, ფრედ - 1:1. იმ შეხვედრის მიწურულს საკმაოდ დასანანი გოლი გავუშვით. ასე რომ, მოთამაშეები მეტოქის შესაძლებლობას კარგად იცნობენ და მათ შესახებ ყველანაირ ინფორმაციას ვფლობთ.

იმედი გვაქვს, რომ კატარში კიდევ რამდენიმე დღე დავრჩებით და ამ ბედნიერ წუთებს კიდევ უფრო მეტად გავიხანგრძლივებთ.

შეიძლება იყოს 4 ადამიანი and ტექსტი გამოსახულება

რა ხდება ახლა ტაჯიკეთში? როგორი გამოხმაურება მოყვა ქვეყანაში ნაკრების ასეთ წარმატებულ შედეგებს?

ძალიან დიდი ზეიმია და მთელი ქვეყანა დღეს ფეხბურთით ცხოვრობს, მათ შორის ის ადამიანებიც, რომლებიც აქამდე ფეხბურთით დაინტერესებულები არ იყვნენ. 24 საათის განმავლობაში ისინი საფეხბურთო პერიპეტიებში არიან ჩართული. მერვედფინალური მატჩის შემდეგ ქუჩაში საკმაოდ ბევრი ხალხი გამოვიდა და მთელი ღამე ზიემობდა.

ტურნირის დასრულების შემდეგ, ტაჯიკეთის ნაკრებთან კონტრაქტი გისრულდებათ. როგორია თქვენი გეგმები და უნდა ველოდოთ თუ არა ამ გამოცდილების შემდეგ სამშობლოში დაბრუნებას?

ამაზე ჯერ საერთოდ არ ვფიქრობთ და ცხადია, მთავარი აქცენტი აზიის თასზე გვაქვს გაკეთებული და ტაჯიკეთის ნაკრებზე ვართ კონცენტრირებული.

არ ვიცით, რა და როგორ იქნება აზიის თასის დასრულების შემდეგ - ჩვენი კონტრაქტი 10 თებერვალს იწურება, როცა აზიის თასზე ფინალური მატჩის დღეა დანიშნული. ჯერ რა თქმა უნდა, ტაჯიკეთის ფეხბურთის ფედერაციას და მათ შემოთავაზებას მოვისმენთ. გავიგებთ, თუ როგორი ხედვა აქვთ და სამომავლოდ ფეხბურთის განვითარებასთან დაკავშირებით რა გეგმები აქვთ.

ამ ეტაპზე, ყველა მხოლოდ იორდანიის ნაკრებზე ვფიქრობთ და იმედი გვაქვს, მალე ნახევარფინალური ეტაპის მეტოქეზე ვიფიქრებთ.

ვნახოთ, დაველოდოთ მოვლენებს, რა და როგორ განვითარდება. ამ ეტაპზე ტაჯიკეთის ნაკრებთან კონტრაქტი მაკავშირებს და შესაბამისად, სხვა წინადადების განხილვა ამ დღეების განმავლობაში შეუძლებელია, მაგრამ ერთი, რისი თქმაც მინდა, არის ის, რომ ჩემი ცხოვრება ქართული ფეხბურთის გარეშე წარმოუდგენელია. არ ვიცი ეს ხვალ იქნება თუ რამდენიმე წლის შემდეგ, მაგრამ საქართველოში აუცილებლად დავბრუნდები და ქართული ფეხბურთის სამსახურში ისევ ჩავდგები.

შეიძლება იყოს 2 ადამიანი, (ამერიკული) ფეხბურთის მოთამაშე ადამიანები, ფეხბურთის მოთამაშე ადამიანები and ტექსტი გამოსახულება

სხვა სტატიები