"შეთავაზება მიიღეს, მაგრამ მეტი თანხა სურთ" | სპორტინგი ქოჩორაშვილს სევილიაში არ უშვებს
3 დღის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
პორტუგალიური მედიის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველის გიორგი ქოჩორაშვილის დამატებასთან დაკავშირებით ლისაბონის სპორტინგმა სევილიასგან შეთავაზება მიიღო. პორტუგალიის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან გუნდს სატრანსფერო თანხა არ აკმაყოფილებს, მაგრამ მოლაპარაკებები გრძელდება.
"ქოჩორაშვილი კვლავ ელოდება სპორტინგსა და სევილიას შორის შეთანხმებას, რათა ესპანეთში დაბრუნება შეძლოს.
ანდალუსიელთა შეთავაზებამ ლისაბონური კლუბის მოლოდინი ვერ გაამართლა, თუმცა მოლაპარაკებები გრძელდება. კლუბის ხელმძღვანელობას სურს უკან დაიბრუნოს 27 წლის საქართველოს ნაკრების წევრის ტრანსფერში ჩადებული 5.5 მილიონი ევროს ინვესტიცია.
ფეხბურთელს კარიერის ახალი ეტაპის დაწყება ესპანეთის ჩემპიონატში უნდა და სასურველია, სწორედ სევილიაში. პრობლემა ისაა, რომ სპორტინგის ხელმძღვანელებმა მიიღეს საიჯარო შეთავაზება 4 მილიონი ევროს სავალდებულო გამოსყიდვის პირობით.
ეს თანხა დაბალ მაჩვენებლად მიიჩნევა, თუმცა საკმარისია იმისთვის, რომ მხარეებს შორის კონტაქტი და მოლაპარაკებები შენარჩუნდეს", - წერს record.
გასულ დღეებში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გიორგი ქოჩორაშვილის ტრანსფერი ხეტაფეში თითქმის გადაწყვეტილი გახლდათ, მაგრამ ახლა ბრძოლაში ტიტულოვანი ანდალუსიური კლუბი ჩაერთო.
გიორგი ქოჩორაშვილმა ლისაბონის სპორტინგში გასული სეზონი გაატარა და 26 მატჩში 2 საგოლე პასი გააკეთა.