"შენ ნიდერლანდული ძიუდოს ლეგენდა იქნები" | თორნიკე ჭკადუამ 29 წლის ასაკში კარიერა დაასრულა
29 წლის წარმოშობით ქართველმა ძიუდოისტმა - თორნიკე ჭკადუამ, რომელიც ნიდერლანდების სახელით 60 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, ხშირი ტრავმიანობის გამო კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო.
თორნიკე ჭკადუამ დახურა თავი, რომელიც გამოირჩეოდა შეუპოვრობით, პროგრესირებით და მსოფლიო დონის გამოსვლებით -60 კგ წონით კატეგორიაში. მისი კარიერა ასახავს სპორტსმენის გზას, რომელმაც ყველა ეტაპი გაიარა და საბოლოოდ ევროპისა და მსოფლიოს საუკეთესოთა შორის დაიმკვიდრა თავი.
თორნიკე ჭკადუა პირველად საერთაშორისო ასპარეზზე 2013 წელს გამოჩნდა, როდესაც უტრეხტში, კადეტთა მსოფლიო ჩემპიონატზე, -55 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. სამი წლის შემდეგ (2016 წელი) მან პირველ დიდ წარმატებას მიაღწია პატარების ევროპის ჩემპიონატზე, სადაც 60 კგ-ში ევროპის ჩემპიონი გახდა. 2017 წელს მან ნიდერლანდების პირველობა მეორედ მოიგო და ნიდერლანდების ეროვნულ ნაკრებში, 60 კგ წონით კატეგორიაში თავი დაიკვიდრა.
2018 წლიდან მოყოლებული, ჭკადუა სტაბილურად ასპარეზობა ძიუდოს მსოფლიო ტურში და ნიდერლანდების ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი იყო.
მისი პირველი მნიშვნელოვანი გამარჯვება უფროსებში 2018 წლის კანკუნის გრან პრიზე იყო, რამაც ის მსოფლიო რეიტინგის უმაღლეს ლიგაში აიყვანა. 2019 წელი მისი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სეზონი იყო, ვერცხლის მედლით თელ-ავივის გრან პრიზე და ბრინჯაოს მედლებით დიუსელდორფის გრანდ სლემზე, ეკატერინბურგის გრანდ სლემსა და ბუდაპეშტის გრან პრიზე. მან ასევე წარმოადგინა ნიდერლანდები მინსკში გამართულ ევროპულ თამაშებზე.
2020 წელს მან დიუსელდორფში კიდევ ერთი გრანდ სლემის ბრინჯაო მოიპოვა. თორნიკემ ასევე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა დოჰაში გამართულ IJF მასტერსზე და იმავე წელს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ბრწინვალედ იასპარეზა, თუმცა კვარცხლბეკამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა (მე-5 პოზიცია დაიკავა).
ის მამაცურად იბრძოდა ტოკიოში, ოთხი მატჩი მოიგო, სანამ იელდოს სმეტოვთან დამარცხდებოდა. 2024 წელს პარიზში ის კვლავ დაუპირისპირდა სმეტოვს, რომელიც ამჟამად ოლიმპიური ჩემპიონია, და ამჯერად დაძაბული ბრძოლის შემდეგ გამოეთიშა ასპარეზობას. 2021 და 2024 წლების ოლიმპიურ თამაშებზე, ჭკადუა ერთადერთი მამაკაცი ნიდერლანდელი ძიუდოისტი იყო, რომელიც ნიდერლანდებს -60 კგ წონით კატეგორიაში წარმოადგენდა.
კარიერის ბოლო წლებში ის კვლავ საიმედო პოდიუმის პრეტენდენტი იყო, 2022 წლის ყაზახეთის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რომელსაც შემდეგ ორი მედალი დაამატა - 2024 წელს ავსტრიის გრან პრიზე და თბილისის გრან სლემზე.
ნიდერლანდებს ისტორიულად არ ჰყოლიათ ბევრი მსოფლიო დონის მსუბუქი წონის მოჭიდავე, რაც ჭკადუას კარიერას კიდევ უფრო აღსანიშნავს ხდის. 1.63 მეტრი სიმაღლის და ქართული ფესვების მქონე სპორტსმენი, ნიდერლანდული ძიუდოს ერთ-ერთ მთავარ ვარსკვლავად იქცა. ოლიმპიური თამაშების შემდეგ ის დროებით -66 კგ-ში გადავიდა, მაგრამ ამ წონაში ხანგრძლივი შთაბეჭდილების მოხდენა ვერ შეძლო.
ჭკადუას ისტორიას ასევე მისი წარსული განსაზღვრავს. მისი მშობლები საქართველოდან 1990-იანი წლების დასაწყისში პოლიტიკური არეულობის დროს წავიდნენ და ის ლეუვარდენში, ნიდერლანდურ ლტოლვილთა ცენტრში დაიბადა - სიცოცხლის პირველი ოთხი წელი მან თავშესაფრის ცენტრში გაატარა, სანამ ოჯახთან ერთად ფრისლენდში გადავიდოდა. მამამისი ძიუდოს მწვრთნელი იყო, ამიტომ ეს სპორტი თავიდანვე მისი ცხოვრების ნაწილი გახდა.
29 წლის თორნიკე ჭკადუამ კარიერის დასრულების შესახებ სოციალურ ქსელში გამოაცხადა, სადაც აღნიშნა, რომ მას ბოლო პერიოდში ხშირი ტრავმიანობა აწუხებდა, რის გამოც შეჯიბრებში ასპარზობას ვეღარ იღებდა.
"ეს ადვილი არჩევანი არ იყო, მაგრამ ჩემთვის სწორი გადაწყვეტილება ასეთია. ეს გრძელი და რთული გზა იყო, მაგრამ ძიუდომ ბევრი რამ მომცა. გამოვიარე როგორც კარგი, ასევე რთული მომენტები, რომლებმაც ჩამომაყალიბეს, როგორც პიროვნება.
2021 წლის თამაშების შემდეგ, ნამდვილად არ მქონია გამოჯანმრთელების პერიოდი და მუდმივად ტრავმები მაწუხებდა..." - თორნიკე ჭკადუა
თორნიკე ჭკადუას ამ გადაწყვეტილებას ნიდერლანდელი გულშემატკივრები ეხმაურებიან და წერენ, რომ იგი მუდმივად იქნება ნიდერლანდული ძიუდოს ერთ-ერთი ლეგენდა.