საწყლოსნო სახეობათა საერთაშორისო ფედერაციამ, საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა ნაკრები, 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირში ოფიციალურად მიიწვია.
შეჯიბრი 20-26 მარტს ჰოლანდიის ქალაქ როტერდამში გაიმართება. ტოკიოს ოლიმპიადის საგზურს 12 ნაკრებიდან სამი ან ოთხი ნაკრები მიიღებს (ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის ზუსტი რაოდენობა).
ეს 12 ნაკრები არის: მონტენეგრო, ხორვატია, საბერძნეთი, რუსეთი, გერმანია, საქართველო, ჰოლანდია, კანადა, ბრაზილია, ირანი, ჩინეთი და ან რუმინეთი, ან სამხრეთ აფრიკა (ჯერჯერობით არც ეს არის ცნობილი).
ამ ფაქტთან დაკავშირებით Live.ge საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების კაპიტანს - ზუკა რურუას ესაუბრა.
"ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპზე გავედით, სადაც 12 ნაკრები იმონაწილევებს. სულ 3 ან 4 გამსვლელი ადგილი იქნება, ჯერჯერობით ზუსტად არ ვიცით. გაკეთდება ორი 6-6 ნაკრებიანი ჯგუფი, საიდანაც 4-4 გავა 1/4 ფინალში და ის პლეი ოფი გადაწყვეტს, თუ ვინ მოიპოვებს ოლიმპიადის საგზურს. ეს რა თქმა უნდა რთული ამოცანა იქნება, თუმცა ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ." - განაცხადა Live.ge-სთან საუბრისას ზუკა რურუამ.