Belive

რუმინელი მსაჯი კარგი მოგონებით - ესპანეთი - საქართველოს მატჩს ოვიდიუ ჰაცეგანი უხელმძღვანელებს

5 თვის წინ ქართული სპორტი
2 წთ

უეფას ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეათე ტურის მატჩში საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ესპანეთს სტუმრად შეხვდება.

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "ფურია როხას" შეხვედრას "ვალიადოლიდის" სტადიონზე რუმინელი არბიტრი, ოვიდიუ ჰაცეგანი განსჯის.

ევროპის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი რეფერი 43 წლის გახლავთ და 1996 წლიდან აღნიშნული საქმიანობითაა დაკავებული, ხოლო FIFA-ს კატეგოორიის არბიტრის სტატუსი 2006 წლიდან მოიპოვა.

არაერთი პრესტიჟული ტურნირისა და გუნდის მატჩის განსჯის გამოცდილებასთან ერთად, რუმინელს აქამდე ქართულ ფეხბურთთან შეხებაც ჰქონია - ჰაცეგანმა 2015 წლის 4 სექტემბერს, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაზე იმუშავა, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა შოტლანდია - 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გატანილი გოლის ავტორი ვაკო ყაზაიშვილი გახდა, მსაჯმა კი გურამ კაშიას, გიორგი ნავალოვსკისა და ჯანო ანანიძეს ყვითელი ბარათი უჩვენა.

იმ გუნდიდან ამჟამად ესპანეთში საქართველოს ნაკრებთან ერთად ხუთი ფეხბურთელი მიემგზავრება: გიორგი ლორია, გურამ კაშია, სოლომონ კვირკველია, ოთარ კაკაბაძე და ნიკა კვეკვესკირი, რაც შეეხება ზურაბ ხიზანიშვილს, ის მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ასისტენტია.

საქართველოსა და ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებების შეხვედრა 19 ნოემბერს, ვალიადოლიდში გაიმართება და თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები