Belive

რუდი გარსია: "ბევრმა ჟურნალისტმა გადააჭარბა და ნაადრევად ჩამომწერა, ამაზე კიდევ ვისაუბრებთ"

6 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა, რუდი გარსიამ იტალიის სერია A-ს მეცხრე ტურში "ვერონას" წინააღმდეგ, სტუმრად ჩასატარებელი მატჩის წინ, კომენტარი გააკეთა.

"ახლა, ამ პრესკონფერენციაზე "ვერონასთან" მატჩის შესახებ უნდა ვისაუბროთ და არა სხვა თემებზე, თუმცა, რაც "ფიორენტინასთან" შეხვედრის შემდეგ მოხდა, პატივისცემის ნაკლებობაა. ამასთანავე, მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებსა და იმ ჟურნალისტებს, ვინც მხარი დამიჭირა. ზოგადად მიმაჩნია, რომ რაც მოხდა, გადაჭარბებული იყო, ყველაფერი ცუდად არ გაგვიკეთებია. თუმცა, მიმაჩნია, რომ ყველაზე მთავარი ახლა გუნდთან და ხელმძღვანელობასთან ურთიერთობაა, მათგან მხარდაჭერა ვიგრძენი.

ცხადია, "ფიორენტინასთან" მატჩის შემდეგ, განსაკუთრებით პრეზიდენტთან ურთიერთობა იდეალურად არ წასულა. მე ვიზიარებ ჩემს წილ პასუხისმგებლობას და არ ვმალავ. ამავე დროს, თქვენი, ჟურნალისტების მხარდაჭერისა და გუნდური მუშაობის იმედი მაქვს.

ზოგმა ნაადრევად ჩამომწერა, ზოგმა კი მხარი დამიჭირა. როგორი მატჩი გველის "ვერონასთან?" მძიმე შეხვედრა იქნება, ვერონაში გამარჯვება ყოველთვის რთულია. ჩვენ გვინდა წინსვლა, კარგად უნდა მოვემზადოთ, როგორც ფიზიკურად, ასევე, მენტალურად. "ვერონა" რთულად სამართავი გუნდია, მათ ექნებათ ქომაგების მხარდაჭერა, ძალიან რთული მატჩი გველოდება.

რისი გამოსწორებაა შესაძლებელი? ყველაფერი ვერ შეიცვლება. მადრიდის "რეალთან" პირველ ტაიმამდე პოზიტიური სერია გვქონდა.

რას ველოდები გუნდისგან? გამარჯვების დიდი სურვილი გვაქვს, ყველას დამოკიდებულება იქნება მნიშვნელოვანი. დარწმუნებული ვარ, გუნდი სრულად მოტივირებულია და გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

"ჩემი ურთიერთობა დე ლაურენტისთან? - საქმე მხოლოდ "ვერონასთან მატჩს არ ეხება".
ნეაპოლელთაგან კრიტიკა გულიდან მოდის? მადლობას ვუხდი მათ, რადგან ბევრმა მხარიც დამიჭირა. ზოგიერთმა ჟურნალისტმა ნამდვილად გადააჭარბა, თუმცა. ახლა მე ვიცნობ ჩემს მეგობრებსა და მტრებს", - თქვა ფრანგმა სპეციალისტმა.

იტალიის მოქმედმა ჩემპიონმა მიმდინარე სეზონი 8 ტურში დაგროვებული 14 ქულით დაიწყო, რა მაჩვენებლითაც გუნდი მეხუთე ადგილზეა, შემდეგ მატჩს კი, 21 ოქტომბერს, "ვერონას" წინააღმდეგ, სტუმრად გამართავს.

სხვა სტატიები