Belive

"რამდენიმე წამყვან გუნდს აინტერესებს" - ევროპული მედია ნიკოლოზ უგრეხელიძეზე საუბრობს

22 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ევროპელი ჟურნალისტი, რუდი გალეტი საკუთარ ვებგვერდზე ახალგაზრდა ქართველი ცენტრალური მცველის, ნიკოლოზ უგრეხელიძის შესახებ საუბრობს.

"ნიკოლოზ უგრეხელიძე საქართველოს ჩემპიონატში გამორჩეულ ფეხბურთელად ჩამოყალიბდა. მის თამაშს ახლა პოლონეთისა და უნგრეთის რამდენიმე წამყვანი კლუბი ყურადღებით აკვირდება.

22 წლის ცენტრალური მცველი, რომელიც ამჟამად დინამო თბილისის ღირსებას იცავს, ამ მომენტისთვის ქვეყნის ერთ-ერთ საუკეთესო მცველად მიიჩნევა.

ტექნიკური მახასიათებლები და სტილი:

ფიზიკური მონაცემები: უგრეხელიძე გამოირჩევა სიმაღლით, აგრესიული სათამაშო სტილითა და მეორე სართულზე ბრძოლისას დომინანტობით.

ტექნიკა: მემარცხენე მცველი თავდაჯერებულია ბურთთან ურთიერთობისას. მას აქვს მოედნის შესანიშნავი ხედვა და ზუსტი გადაცემების წყალობით, დაცვიდან შეტევის წამოწყებას ეფექტურად ახერხებს.

ლიდერული თვისებები: სკაუტებზე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას მისი მენტალიტეტი ახდენს. მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა, დინამოში მას უკვე გუნდის მომავალ კაპიტნად მოიაზრებენ.

კარიერული გზა: უგრეხელიძე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების საკვანძო მოთამაშე იყო 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე. მან განსაკუთრებით ძლიერი მატჩები ჩაატარა ხორვატიის წინააღმდეგ, თუმცა, სამწუხაროდ, ტრავმის გამო ფინალური ტურნირის გამოტოვება მოუხდა.

რეაბილიტაციის შემდეგ, მან იჯარით თურქულ ფათიჰ კარაგუმრუქში იასპარეზა, რის შემდეგაც საქართველოში დაბრუნდა და მალევე დაიბრუნა ოპტიმალური ფორმა.

იმის გათვალისწინებით, რომ მისი თამაში სულ უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს ევროპაში, მომავალი ზაფხული, შესაძლოა, უგრეხელიძის კარიერაში გარდამტეხი აღმოჩნდეს", - წერს რუდი გალეტი.

ნიკოლოზ უგრეხელიძე დინამო თბილისის აღზრდილია და მთავარ გუნდში 58 მატჩში აქვს ჩატარებული. 22 წლის ფეხბურთელს საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში 24 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული.

სხვა სტატიები