რამაზ სვანაძე: "უთამაშებლობის გამო, ბოლოს ბევრი ფეხბურთელი გადაიღალა"
5 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
უეფას ევროპის 2025 წლის ჩემპიონატზე, ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, დრამატულ შეხვედრაში, საფრანგეთთან დამარცხდა (3:2). ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ, მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
დრამატული თამაში გამოვიდა, განსაკუთრებით ბოლო წუთები. ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით, გუნდით და იმით, რაც ჩვენს თავს ხდება. რეალურად იჩინა თავი იმ პრობლემებმა, რაც ევრო 2025-მდე არსებობდა და რაც ევროპის ჩემპიონატამდე იყო. უბრალოდ, ბოლო მომენტში უკვე ბევრი მოთამაშე გადაიღალა.
ბევრი მოთამაშე არაა კონდიციებში. მათ შესანიშნავი ბრძოლის უნარი აჩვენეს, მაგრამ უთამაშებლობის პრობლემა ბევრს ჰქონდა. ამის ფონზე მინდა საბა საზონოვი და მისი პატრიოტიზმი გამოვყო. დროც მეტი დაემატა, მაგრამ მესამე ტურამდე შანსი გაგვაჩნია და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პორტუგალიასთან ვიბრძოლოთ და შანსი გამოვიყენოთ.
სამწუხაროდ, პირველ ტაიმში ბევრჯერ ბურთი უაზროდ დავკარგეთ, ბურთის ამოტანის დავალებაც არ სრულდებოდა. შესვენებაზე ვისაუბრეთ, თუ რა დონის გუნდს ვეთამაშებოდით და რამხელა მნიშვნელობა აქვს დავალების შესრულებას. პლუს ფსიქოლოგიურადაც ვესაუბრე მოთამაშეებს.
რამდენად შეიძლება, რომ პორტუგალიასთან ეს შეცდომები არ დავუშვათ? რეალური პრობლემა ის იყო, რომ ვთამაშობდით ფრანგებთან, რომლებიც სხვა ტემპში, უფრო ინტენსიურ ფეხბურთს თამაშობენ. ამაში მათ ჩვენზე დიდი გამოცდილება გააჩნიათ. მაგრამ ასეთ გუნდებთან თამაშია ჩვენი პროგრესის წინაპირობა.
ეს იყო ჩენი პირველი წაგება ევროპის ჩემპიონატზე. ეს განწყობაა თითოეულ ჩვენგანში, რომ საფრანგეთთან წაგება ტრაგედიაა - გუნდთან, რომელიც ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. მაგრამ პორტუგალიასთან თამაშს სრულ მზადყოფნაში უნდა შევხდეთ. პირველი შემთხვევა იყო, რომ ბოლო წუთებზე დავმარცხით. მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავიბრუნოთ ის ფორტუნა, რომელიც დღეს დავკარგეთ - ამბობს რამაზ სვანაძე.
ბოლო ტურში, საქართველოს ნაკრებს, პორტუგალიასთან, მხოლოდ გამარჯვება სჭირდება. პორტუგალიელებმა პოლონეთს 5:0 მოუგეს და ჯგუფის პირველ ადგილზე არიან. მეორეზე საფრანგეთია ასევე 4 ქულით, ჩვენ კი მესამეზე 3 ქულით ვიმყოფებით.