Belive

პირატები ტრიბუნას ტოვებენ - ბათუმელმა ქომაგებმა კლუბის ოფიციალურ განცხადებას უპასუხეს

9 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

"დინამო ბათუმის" ფან-კლუბის გვერდმა, კლუბის პრეზიდენტის, არჩილ ბერიძის ოფიციალურ განცხადებას, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ მთავარი მწვრთნელის, გია გეგუჩაძის დაკავებული პოზიციიდან გათავისუფლება ამ ეტაპზე არ იგეგმებოდა, სოციალურ ქსელში უპასუხა.

"პირატების" განცხადებით, ისინი იქამდე, ვიდრე, მთავარი მწვრთნელი გუნდს არ დატოვებს, ტრიბუნაზე აღარ დაბრუნდებიან.

"პირატები ვტოვებთ ტრიბუნას!

ვინაიდან და რადგანაც, "დინამო ბათუმის" მთავარმა მწვრთნელმა და ხელმძღვანელობამ არ მიიღო ჩვენი აზრით გონივრული გადაწყვეტილება, საჭიროდ ჩავთვალეთ პირველებს ისევ ჩვენ გვემოქმედა.

კლუბის ხელმძღვანელობასთან და სტაფის წარმომადგენელთან შეხვედრა, "ტირანასთან" მატჩის შემდგომ, მეორე დღესვე გავმართეთ. მიღებული პასუხები ჩვენთვის არადამაჯერებელი და მიმდინარე რეალობასთან აცდენილი იყო, თუმცა მოვითათბირეთ და გუნდისთვის გონივრული ვადის მიცემა გადავწყვიტეთ, შედეგად კი ვეტერანებთან შეხვედრა გვთხოვეს. აქვე დიდი პატივისცემა ჩვენს ვეტერან ფეხბურთელებს, თუმცა შეხვედრას შეხვედრისთვის არ ვაპირებდით და არც მომავალში ვაპირებთ.

2011 წელს, როდესაც ფან-კლუბი ფუძნდებოდა, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით თუ ამ ფრაზის დაწერა მოგვიწევდა - პირატები ვტოვებთ ტრიბუნას! ვტოვებთ, ვიდრე მთავარი მწვრთნელი არ დაგვემშვიდობება.

აქვე გვინდა აღვნიშნოთ - თუ კი ვინმეს სურვილი აქვს მივიდეს სტადიონზე, უმორჩილესად გთხოვთ - პირატების ატრიბუტიკის გარეშე!

თქვენი პირატები", - წერია შავიზღვისპირული ფან-კლუბის განცხადებაში.

"დინამო ბათუმი" უეფას ევროპის კონფერენს ლიგაზე გამოსვლას პირველ რაუნდში ალბანურ "ტირანასთან" ორი მატჩის ჯამში - 2:3 (1:1, 1:2) მარცხის შემდეგ გამოეთიშა, რაც შეეხება საქართველოს ჩემპიონატს,  აჭარული კლუბი ეროვნულ ლიგაში ჩატარებული 19 ტურის შემდეგ დაგროვებული 42 ქულით პირველ პოზიციას იკავებს და უახლოეს მდევარ "საბურთალოს" 4 ქულით უსწრებს.

სხვა სტატიები