Belive

ოთარ კიტეიშვილი: "ამ მუხტს და პასუხისმგებლობას მოედანზე გადავიტანთ"

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგს 21 მარტს შეხვდება. მატჩი თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" გაიმართება და თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

ლუქსემბურგის ნაკრებთან უეფას ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში გასამართი მატჩის წინ, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, ოთარ კიტეიშვილმა ისაუბრა.

"როცა განწყობაზე ვსაუბრობთ, ნაკრების ფეხბურთელებს ერთმანეთის ნახვაც ძალიან გვახარებს და ისიც, რომ ყველა ფეხბურთელისთვის, კარიერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს წინ. შემართების და განწყობის პრობლემა ნაკრებში არასდროს ყოფილა და ვემზადებით იმისთვის, რომ ჩვენი ამდენი ხნის ოცნება ავიხდინოთ.

გასულ პერიოდში, ლუქსემბურგის ნაკრები თავს საკმაოდ კარგად წარმოაჩენს. რამდენიმე დღეა, რაც სრულად შევიკრიბეთ და ტაქტიკურად თამაშის დაორგანიზებაზე ზრუნვა დღეს და ხვალ მოხდება. შევეცდებით, რომ საქმეს მაქსიმალურად მობილიზებულები მივუდგეთ და ყველა ფეხბურთელმა საკუთარი საუკეთესო ვერსია აჩვენოს.

ჯაბას დაბრუნება ჩვენთვის, ფეხბურთელებისთვის, ამ ნაკრებში მყოფი ახალგაზრდებისთვის, მათ შორის პირადად ჩემთვის, ის სამაგალითო, მისაბაძი ადამიანია და მისი ახლა აქ ყოფნა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

ყველამ ვიცით, რომ ამ მატჩს მთელი ქვეყანა განსაკუთრებულად ველოდებოდით. ვხედავთ, თუ როგორ აერთიანებს ფეხბურთი მთელ ქვეყანას. მადლობა ყველას ქომაგობისთვის. მადლობა ამ ერთიანობისთვის, მათ შორის სხვა სპორტის სახეობების წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის. იმედი მაქვს, რომ ამ ერთიანობის მოედანზე გადატანასა და წარმატების მიღწევას შევძლებთ.

თითოეული ჩვენგანი ვგრძნობთ ამ პასუხისმგებლობას და მატჩის მოახლოებასთან ერთად წნეხი იზრდება. ყველა ჩვენგანი, როგორც გუნდურად, ისე ინდივიდუალურად დიდი ხანია ამ დღეებისთვის ვემზადებით. შევეცდებით, რომ ეს წნეხი სასიკეთოდ გამოვიყენოთ, საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია ვაჩვენოთ და ყველამ ერთად გავიმარჯვოთ", - თქვა გრაცის "შტურმის" და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა.

საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგთან მატჩს 21 მარტს, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" გამართავს. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები