ოფიციალურად: გიორგი გაგუა დუნაისკა სტრედას ფეხბურთელია
ქართველი ფორვარდი, გიორგი გაგუა სლოვაკეთის ჩემპიონატის წარმომადგენელ, დუნაისკა სტრედაში ითამაშებს.
23 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი დუნაისკა სტრედამ ოფიციალურად დაადასტურა.
"ჩემთვის დიდი პატივია ამ გუნდში გადმოსვლა. დახვედრით კმაყოფილი ვარ და მშვენიერი გარემოა.
ჩემი თანაგუნდელი და თანამემამულე ცოტნე კაპანაძე აქ დამხვდა, რომელმაც გუნდის შესახებ არსებული დამოკიდებულება გამიმყარა. ჩემი თვალით ნანახმა მისი სიტყვები დაადასტურა. გუნდს სერიოზული პოტენციალი აქვს და ჩემი მიზანია, რომ მათ მიზნების მიღწევაში დავეხმარო", - ამბობს გიორგი გაგუა.
დუნაისკა სტრედა უნგრეთის საზღვართან დაფუძნებული გუნდია, მათ რიგებში ხშირად უნგრელი ფეხბურთელები თამაშობენ, ასევე სტაფი ხშირად უნგრელებით კომპლექტდება, რის გამოც გუნდს ზედმეტსახელად უნგრელებს უწოდებენ. გუნდმა ჩეხოსლოვაკიის არსებობის დროს, ამ ქვეყნის თასი მოიგო, დამოუკიდებლობის შემდეგ ჩემპიონატში 4-ჯერ მეორე ადგილი დაიკავა, ორჯერ კი თასის ფინალში ითამაშა. საერთაშორისო ასპარეზზე დუნაისკა სტრედას ქართულ გუნდებთან ორჯერ აქვს ნათამაშები. 2018 წელს უეფას ევროპა ლიგის საწყის საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვაკურმა გუნდმა დინამო თბილისი გამოთიშა, ხოლო 2023 წელს გორის დილამ კონფერენს ლიგაზე აჯობა.
დუნაისკა სტრედამ სლოვაკეთის ჩემპიონატის გასულ სეზონში საჩემპიონო ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა, შემდეგ კონფერენს ლიგის საგზურის მოსაპოვებელი პლეი-ოფი მოიგო და ევროპული ტურნირის საგზური დაიმსახურა, მაგრამ უეფამ გუნდი მოკვეთა. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ უეფას წესების მიხედვით, კონკრეტული მფლობელის ორ გუნდს იდენტურ ტურნირში მონაწილეობა არ შეუძლია, დუნაისკას მეპატრონეები კი უნგრულ დიორსაც მართავენ და რეიტინგის მიხედვით, ტურნირში სწორედ ეს გუნდი ითამაშებს.