ნუგზარ ტატალაშვილმა სპორტული კარიერა დაასრულა
5 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ქართველმა ძიუდოისტმა, ნუგზარ ტატალაშვილმა, კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.
36 წლის სპორტსმენმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა:
,,დგება მომენტი, როდესაც ცხოვრებაში რაღაცის დასრულება გიწევს, მიუხედავად იმისა, რომ მთელი შენი ცხოვრება მას მიუძღვენი.
ძიუდო ჩემთვის მხოლოდ სპორტი არასდროს ყოფილა. ეს იყო ჩემი ცხოვრება, ჩემი ოცნება, ჩემი ბრძოლა და ჩემი გზა. ამ გზაზე ბევრი სირთულე გამოვიარე, ბევრი ტკივილი, იმედგაცრუება და დაუვიწყარი გამარჯვება ვიზეიმე. იყო დღეები, როდესაც ყველაფრის დათმობა მინდოდა, მაგრამ ყოველთვის ვპოულობდი ძალას, რომ ისევ ფეხზე დავმდგარიყავი და გამეგრძელებინა ბრძოლა.
ამ წლებმა მასწავლა, რას ნიშნავს შრომა, მოთმინება, დისციპლინა და არასდროს დანებება. ძიუდომ ჩამომაყალიბა ისეთ ადამიანად, როგორიც დღეს ვარ, და მომცა გამოცდილება, რომელსაც მთელი ცხოვრება თან წავიღებ.
დღეს დგება მომენტი, როდესაც ჩემს სპორტულ კარიერას ვასრულებ. ეს გადაწყვეტილება მარტივი არ არის, რადგან ძიუდო ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილია და ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ექნება ჩემს გულში.
ორი ქვეყანა, ერთი გზა და უამრავი დაუვიწყარი მოგონება. მადლობა საქართველოს, და მადლობა არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, ორივე ქვეყნის მიმართ ყოველთვის დიდი პატივისცემა და მადლიერება მექნება.
პირველ რიგში, უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ოჯახს, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდით იყო, მამხნევებდა, მხარს მიჭერდა და ჩემი სჯეროდა. მადლობა ყველა იმ მსხვერპლისთვის, თანადგომისა და სიყვარულისთვის, რომელიც ამ წლების განმავლობაში მაძლიერებდა.'' - ნუგზარ ტატალაშვილი
ნუგზარ ტატალაშვილი საქართველოს სახელით გუნდურ ასპარეზობაში მსოფლიოსა და ევროპის (4-გზის) ჩემპიონია. გარდა ამისა, ევროპის ჩემპიონატის ორგზის ვერცხლისპრიზიორია (ინდივიდუალური).
ტატალაშვილი 2022 წლიდან არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელით ასპარეზობდა.