Belive

ნიკოლოზ ზოიძე: - ,,მჯერა, რომ მოტივაციითა და შრომით ყველაფერს მივაღწევ''

1 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ

ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი 15 წლის ნიკოლოზ ზოიძეა, რომელიც 2021 წელს კიკბოქსინგში საქართველოს ჩემპიონი გახდა. 

ნიკოლოზს MMA-ს რამდენიმე ბრძოლა აქვს ჩატარებული და 2023 წლის საქართველოს ჩემპიონატის ფინალისტია. ამავე წელს, სომხეთში, ერევანში ჩატარებულ საერთაშორისო ჩემპიონატში MMA-სა და კიკბოქსინგში, ადგილობრივი სპორტსმენი დაამარცხა და საერთაშორისო ქამრის მფლობელი გახდა.

MMA-ით 14 წლის ასაკში დავინტერესდი, რადგან ბავშვობიდან მომწონდა შერეული საბრძოლო ხელოვნება. ზოგადად ჩხუბი მომწონდა. ინსპირაციის წყაროდ შემიძლია მხოლოდ საკუთარი თავი მივიჩნიო, რადგან მინდოდა, უბრალოდ ამ სპორტით ვყოფილიყავი დაკავებული. რაც შეეხება კუმირს, ჩემი კუმირი ჩემი მწვრთნელი შალვა მამაცაშვილია. სწორედ მისგან ვიღებ მაგალითს და ვცდილობ, რომ იგივენაირად შემართებითა და მოტივაციით მივუდგე საქმეს, როგორც ის მასწავლის.

პირველად, როცა ოქტაგონზე ფეხი დავდგი, შიშსა და სიხარულს ერთდროულად განვიცდიდი, მახსოვს, რომ ემოციებს ვერ ვუყრიდი თავს. ასე მგონია, რომ ეს შეგრძნებები მთელი ცხოვრების განმავლობაში მემახსოვრება.

პირველი გამარჯვების მოპოვებისას, უდიდესი სიხარული ვიგრძენი, რადგან მივხვდი, რომ გაწეული შრომა დამიფასდა და გარდა ამისა, სწორედ ის იყო ის სპორტის სახეობა, რომელშიც მინდოდა მეასპარეზა. 

ჩემი მიზანი, ისეთი დიდი ორგანიზაციების ჩემპიონობაა, როგორებიცაა:  UFC და BELLATOR

მიმაჩნია, რომ ქართველი მებრძოლებისთვის საკმაოდ რთულია MMA-ს საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის მიღება, რადგან მინიმუმ შენს ქვეყანასა და შენს წონაში, საუკეთესო უნდა იყო, ეს კი საკმაოდ რთული მისაღწევია.

დღეში სულ მცირე, ორჯერ მაინც ვვარჯიშობ. ყოველ დილას 6:00სთზე ვდგები, რადგან პირველი ვარჯიში საკმაოდ ადრიანად მაქვს, ხოლო მეორედ უკვე საღამოს ვვარჯიშობ. მჯერა, რომ მოტივაციითა და თავდაუზოგავი შრომით, ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია. 

 

სხვა სტატიები