Belive

ნაპოლის დირექტორი მოლაპარაკებებზე გაემგზავრა: პსჟ სატრანსფერო თანხის დაკლებას ცდილობს

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიდან" ახალ გუნდში გადასვლა თითქმის უკვე გადაწყვეტილია და ეს ახალი გუნდი, უდიდესი ალბათობით, "პსჟ" იქნება. საკითხთან დაკავშირებით უამრავი ინფორმაცია ვრცელდება, ამჯერად კი იტალიური მედია გვაუწყებს, რომ გუნდის სპორტული დირექტორი, ჯოვანი მანა საფრანგეთის ქალაქ ნიცაში ტრანსფერზე მოლაპარაკებებისთვის გაემგზავრა.

ასევე, საუბარია იმის შესახებ, რომ ახალგაზრდა იტალიელი საფეხბურთო მენეჯერის ვიზიტი, ტრანსფერის უახლოეს პერიოდში გაოფიციალურებას ემსახურება და ახლა გუნდებს შორის მოლაპარაკებების აქტიური ეტაპი მიმდინარეობს. ვიზიტის მიზანი ისეთი წინადადების შედგენაა, რომელსაც ყველა მხარე მოიწონებს.

საკითხი, რომელიც ტრანსფერის გაოფიციალურებას დროში წელავს, ფინანსური მხარეა. La republica წერს, რომ 45 მილიონი ევრო ის თანხაა, რომელიც "პსჟ-მ" "ნაპოლის" შესთავაზა, იტალიური გუნდის ხელმძღვანელობა კი ამ წინადადებას არ ეთანხმება. გუნდის პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს, ტრანსფერის სანაცვლოდ სულ მცირე 80 მილიონი ევროს ფარგლებში თანხის მიღება სურს.

უდიდესი ალბათობით, ტრანსფერი უახლოესი პერიოდის განმავლობაში გაოფიციალურდება.

სხვა სტატიები