Belive

ნაპოლი მატეო პოლიტანოს გაყიდვას არ აპირებს

4 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

გასული დღეების განმავლობაში, იტალიური მედია აქტიურად საუბრობდა იმის შესახებ, რომ "ნაპოლის", რომელსაც ბევრი საკადრო პრობლემა აქვს, კიდევ ერთი შემტევი, მატეო პოლიტანო დატოვებდა.

30 წლის იტალიელ გარემარბს, საკმაოდ სოლიდური შემოთავაზება საუდის არაბეთის ჩემპიონატის წარმომადგენელი გუნდიდან, "ალ-შაბაბიდან" აქვს, თუმცა როგორც ირკვევა, სერია A-ს მოქმედი გამარჯვებული მის გაშვებას არ აპირებს.

არსებული კონტრაქტი წელიწადნახევრის შემდეგ სრულდება, "ნაპოლი" კი ამ ხელშეკრულების გახანგრძლივებას აპირებს.

ნეაპოლელები არაბებს მოუწოდებენ, რომ მოთმინება გამოიჩინონ და სულ მცირე შემდეგი სეზონის ზამთრის სატრანსფერო ფანჯარამდე პოლიტანოს გადაბირებაზე უარი თქვან.

საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი, სერია A-ში 19 ტურის შემდეგ დაგროვებული 28 ქულით მეცხრე პოზიციას იკავებს. შემდეგი შეხვედრა სამხრეთული დერბის ეგიდით, "სალერნიტანასთან" 13 იანვარს გაიმართება და თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები