Belive

მსოფლიო ჩემპიონატი: ბოლო დღე – ტატამზე თუშიშვილი და სომხიშვილი გამოვლენ | პრევიუ

11 თვის წინ ქართული სპორტი
3 წთ

7 მაისს, კატარის დედაქალაქ დოჰაში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატმა აიღო სტარტი, სადაც საქართველოს ნაკრები 12 სპორტსმენით მონაწილეობს.

12 მაისს, მსოფლიო ჩემპიონატის მეექვსე საშეჯიბრო დღეს ტატამზე მამაკაცებიდან 100, ქალებიდან კი 78 კგ წონითი კატეგორიები გამოვიდნენ, შესაბამისად საქართველოს ნაკრების ღირსებას ილია სულამანიძე და ვარლამ ლიპარტელიანი იცავდნენ.

სამწუხაროდ ვარლამ ლიპარტელიანი მეორე ეტაპზე დამარცხდა და მსოფლიო ჩემპიონატი ზედიზედ მოერედ, უმედლო დაასრულა. რაც შეეხება ილია სულამანიძეს, 21 წლის ქართველი ძიუდოისტი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა.

განვლილი 6 საშეჯიბრო დღის შემდეგ, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 2 ოქროს მედალი (ტატო გრიგალაშვილი და ლუკა მაისურაძე); 1 ვერცხლის მედალი (ლაშა ბექაური) და 1 ბრინჯაოს მედალია (გიორგი სარდალაშვილი).

13 მაისს, მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით საშეჯიბრო დღეს ტატამზე მამაკაცებიდან +100, ქალებიდან კი +78 კგ წონითი კატეგორიები იასპარეზებენ, შესაბამისად საქართველოს ნაკრების ღირსებას გურამ თუშიშვილი და სოფიო სომხიშვილი დაიცავენ.


გურამ თუშიშვილის საშეჯიბრო ბადე (+100 კგ)

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონი - გურამ თუშიშვილი, B ბადეში განთესილი იქნება და ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც უზბეკ - შოხრუხონ ბახიტიოროვს დაუპირისპირდება.

აღსანიშნავის ის ფაქტი, რომ 28 წლის ქართველი ფალავანი ურთულეს ბადეში მოხვდა.

1/8-ფინალში გასვლის შემთხვევაში კი თუშიშვილის ურთულესი მეტოქე, ძალიან ახალგაზრდა და უძლიერესი იაპონელი - ტაცურუ საიტო დაუპირისპირდება.

იაპონური ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი თუშიშვილი 1/4-ფინალში იჭიდავებს, სადაც მისი სავარაუდო მეტოქე, ძიუდოს ლეგენდა, 10-გზის მსოფლიო ჩემპიონი - ტედი რინერი იქნება.


სოფიო სომხიშვილის საშეჯიბრო ბადე (+78 კგ)

წილისყრაში არც სოფიო სომხიშვილს გაუმართლა. სოფიო D ბადეში განთესილია, შესაბამისად ასპარეზობას მეორე ეტაპიდან იწყებს, სადაც მისი მეტოქე, პოლონელ - კინგა ვოლსჩაკსა და ტაიპეის წარმომადგენელ - ლინგ ფანგ ჩანგს შორის გამარჯვებული იქნება.

1/8-ფინალში გასვლის შემთხვევაში ქართველი ფალავანი, ლეგენდარულ კუბელს, ოლიმპიურ ჩემპიონს, 4-გზის ოლიმპიურ პრიზიორსა და 2-გზის მსოფლიო ჩემპიონს - იდალის ორტიზს დაუპირისპირდება.


წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:30, ხოლო ფინალური ბლოკი კი 19:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები