"მოგვეცით ბოლომდე ბრძოლის საშუალება" - დვალიშვილი თანაგუნდელის მარცხს გამოეხმაურა
UFC-ს სუპერმსუბუქ წონით დივიზიონს ახალი ჩემპიონი ჰყავს. ალჯამაინ სტერლინგმა ჩემპიონის ქამრის დაცვა ვერ შეძლო და სატიტულო ბრძოლაში შონ ო'მალისთან დამარცხდა.
სანახაობრივი დაპირისპირების მე-2 რაუნდში, სტერლინგი სახეში მიღებული დარტყმის შემდეგ დაეცა და ო'მალის მძიმე დარტყმების მოგერიება გაუჭირდა. საბოლოოდ, ბრძოლა არბიტრმა შეაჩერა და ალჯამაინ სტერლინგს ტექნიკური ნოკაუტით მარცხი ჩაეთვალა.
თანაგუნდელისა და მეგობრის მარცხს მერაბ დვალიშვილი გამოეხმაურა, რომელიც აღნიშნავს, რომ მსაჯმა ნაადრევი გადაწყვეტილება მიიღო.
კიდევ ერთი ნაადრევად დასრულებული ბრძოლა. ვილოცებ, რომ მე და ჩემს თანაგუნდელებს, ოქტაგონზე მარკ გოდარმა აღარასდროს გვიმსაჯოს. მოგვეცით ბოლომდე ბრძოლის შესაძლებლობა. - მერაბ დვალიშვილი
UFC-ის სუპერმსუბუქი წონის რეიტინგის პირველ ადგილზე მყოფი დვალიშვილის განცხადება სუბიექტურია თუ ობიექტური, ამის განსჯა თქვენთვის მოგვინდვია, მაგრამ ალჯამაინ სტერლინგის მარცხის შემდეგ, სუპერმსუბუქ წონით დივიზიონში მოვლენები შესაძლოა საინტერესოდ განვითარდეს. ცნობილია, რომ გამარჯვებისა და ჩემპიონის ქამრის დაცვის შემთხვევაში, სტერლინგი წონას იცვლიდა და დვალიშვილს სატიტულო ბრძოლისკენ გზა ეხსნებოდა - მერაბი საჩემპიონო ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი ხდებოდა.
მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ო'მალიმ აღნიშნა, რომ დეკემბერში მარლონ ვერას დაუპირისპირდება. მერაბ დვალიშვილის მომდევნო მეტოქედ კი შესაძლოა ჰენრი სეხუდო ან კორი სენდჰაგენი ვიხილოთ.