Belive

მინდია ენდელაძე მძლეოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს

8 თვის წინ ქართული სპორტი
2 წთ

ქართველი სპრინტერი მინდია ენდელაძე, მძლეოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს, რომელსაც უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი უმასპინძლებს. მძლეოსნობის რიგით მე-19 მსოფლიო ჩემპიონატი, სტარტს 19 აგვისტოს აიღებს და 27 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. 

მძლეოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე, 200-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას, მედლები 49 სპორტულ ღონისძიებაზე გათამაშდება და მინდია ენდელაძე ერთადერთი ქართველი მძლეოსანია, რომელიც ამ მასშტაბურ ტურნირზე გამოვა. ქართველი მძლეოსანი 200მ. გარბენში მიიღებს მონაწილეობას, სადაც ურთულესი კონკურენციის დაძლევა მოუწევს.

200მ. გარბენის უპირობო ფავორიტად მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ნოა ლაილსი ითვლება, რომელიც უნგრეთში ეცდება, რომ არა მხოლოდ დაიცვას მსოფლიო ჩემპიონის ტიტული - არამედ ლეგენდარული უსეინ ბოლტის კიდევ ერთი რეკორდი გააუმჯობესოს. ამერიკელმა სპრინტერმა ისტორია დაწერა, როდესაც ლონდონში გამართულ ტურნირზე უსეინ ბოლტის რეკორდი გააუმჯობესა. ბუდაპეშტში, 26 წლის ლაილსი მიზნად ისახავს, რომ ბოლტის კიდევ ერთი რეკორდი გააუმჯობესოს.

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, ლაილსმა 200 მეტრზე გარბენში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და არასოდეს დაუმალავს სურვილი, რომ გააუმჯობესოს ბოლტის მიერ, 2009 წელს, ბერლინის მსოფლიო ჩემპიონატზე დამყარებული რეკორდი (19.19). ლაილსის რწმენას ის გარემოებაც ამყარებს, რომ ის ისტორიაში მესამე უსწრაფესი სპრინტერი გახდა მას შემდეგ, რაც შარშან, ორეგონში ოქროს მედალი მოიპოვა (19.31). ლაილსზე უკეთესი დრო, მხოლოდ ბოლტსა და იოჰან ბლეიკს აქვთ დაფიქსირებული (19.26).

 

აღსანიშნავია, რომ უნგრეთი პირველად მასპინძლობს მძლეოსნობის მსოფლიო ჩემპიონატს, თუმცა, საორგანიზაციო თვალსაზრისით, ბუდაპეშტში ინფრასტრუქტურა იდეალურადაა მოწყობილი. მსოფლიო პირველობას მძლეოსნობის ეროვნული ცენტრი უმასპინძლებს და სხვადასხვა ღონისძიებაზე დასწრება 36.000 გულშემატკივარს შეეძლება.

სხვა სტატიები