Belive

მიხეილ აშვეთია წყალტუბოს სამგურალის მთავარი მწვრთნელი გახდა

4 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, მიხეილ აშვეთია სამწვრთნელო კარიერაში ახალ ნაბიჯს დგამს - 46 წლის სპეციალისტი წყალტუბოს "სამგურალის" თავკაცი გახდა.

ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი წყალტუბოურ გუნდში 2021 წლის ივნისის შემდეგ მუშაობს და ამ პერიოდში მან ჯერ მთავარი მწვრთნელის ასისტენტის, შემდეგ კი სპორტული დირექტორის თანამდებობები მოირგო. ახალი საფეხბურთო სეზონიდან ის უკვე გუნდის მთავარი მწვრთნელი იქნება.

აქამდე აშვეთიას ქუთაისის "ტორპედოში" უმუშავია და ჯერ 2016-20 წლებში კახა ჩხეტიანის ასისტენტი გახლდათ და გუნდის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდის მონაწილე იყო, შემდეგ კი 29 მატჩში ქუთაისელებს მთავარი მწვრთნელის რანგში უხელმძღვანელა.

საფეხბურთო კარიერის განმავლობაში აშვეთიას ისეთი გუნდების შემადგენლობაში უთამაშია, როგორიც ქუთაისის "ტორპედო", "დინამო თბილისი", მოსკოვის "ლოკომოტივი", მახაჭკალის "ანჟი", "ყაზანის "რუბინი", დანიური "კოპენჰაგენი" და ქართული ფეხბურთისთვის კარგად ნაცნობი გერმანული იენის "კარლ ცაისი" გახლავთ. მნიშვნელოვანია, რომ აშვეთიამ ფეხბურთელის კარიერა სწორედ "სამგურალში" დაიწყო. მას საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 24 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი და 1 საგოლე პასი გაკეთებული.

სხვა სტატიები